მიხეილ სააკაშვილი:  პროფესორების ანაზღაურების

მიხეილ სააკაშვილი: პროფესორების ანაზღაურების "ურავნიროვკაზე" დაყვანა არის საბჭოთა კავშირის რეინკარნაცია განათლების სისტემაში

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პროფესორებისთვის თანაბარი ხელფასის კანონით განსაზღვრას საბჭოთა პერიოდს უკავშირებს. როგორც პრეზიდენტმა თსუ-ის ლექტორებთან შეხვედრისას განაცხადა, ის, რომ ახალი ინიციატივით ყველა დონის პროფესორის ხელფასი კანონით თანაბრად უნდა განისაზღვროს, მხოლოდ საბჭოთა კავშირში ხდებოდა. "ამის "ურავნიროვკაზე" დაყვანა, სხვა სიტყვა არ შეიძლება, რომ გამოვიყენოთ, ქართველებს არ გვაქვს ზუსტად ასეთი სიტყვა, არის საბჭოთა კავშირის რეინკარნაცია ჩვენს განათლების სისტემაში", - აღნიშნა პრეზიდენტმა. 

მიხეილ სააკაშვილმა პროფესორ-მასწავლებლების ანაზღაურების მსოფლიო პრაქტიკაზე ისაუბრა და იმ უნივერსიტეტების მაგალითები დაასახელა, სადაც თვითონ სწავლობდა. "მე მასწავლიდნენ ძალიან დიდი სახელები და ვიცოდი, რომ მაგალითად ლუის ჰენკინსს, რომელიც ითვლებოდა საერთაშორისო სამართლის საუკეთესო სპეციალისტად მსოფლიოში, ჰქონდა სამჯერ მეტი ანაზღაურება, ვიდრე საშუალო სპეციალისტებს. ეს იყო სწორი სისტემა, რადგან მასზე ნადირობდა მსოფლიოს ყველა უნივერსიტეტი, კოლუმბიის უნივერსიტეტმა კი იპოვა ფული, რომ ჩვენთვის ესწავლებინა", – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, იმ მიზეზის გამო, რომ ყველა პროფესორი ერთნაირი არ არის, არ შეიძლება მათი ანაზღაურება თანაბარი იყოს. ამასთან, აუცილებლად უნდა ხდებოდეს პროფესორების გადარჩევა უნივერსიტეტის შიგნით და საუკეთესოების გარედან მოწვევა.