პარლამენტმა პრეზიდენტის კიდევ ერთი ვეტო დაძლია. საკანონმდებლო ორგანოში "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო 92 ხმით იქნა დაძლეული. 33-მა დეპუტატმა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.
თავდაპირველად კენჭი უყარეს კანონპროექტის პრეზიდენტისეულ ვერსიას - მისი შენიშვნების გათვალისწინებით, თუმცა მან მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. პრეზიდენტის შენიშვნების გათვალისწინებით კანონპროექტს 32 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 81-მა კი წინააღმდეგი წავიდა.
პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის მიბრუნებული შენიშვნები ორ ძირითად საკითხს - კანონპროექტის რიგი მუხლების ძალაში შესვლის ვადებსა და დაცვის მხარესთან დაკავშირებულ უფლებებს ეხებოდა.
პრეზიდენტი პარლამენტს სთავაზობდა, ჩხრეკა-ამოღების თაობაზე დაცვის მხარისთვის მინიჭებულ უფლებასთან დაკავშირებული მუხლი 2014 წლის 1-ელი სექტემბრის ნაცვლად, ერთი წლით ადრე - მიმდინარე წლის 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდეს.
პრეზიდენტის კიდევ ერთი შენიშვნა მტკიცებულებათა საკითხს ეხებოდა. კერძოდ, პარლამენტის მიერ მიღებული პროექტის თანახმად, 2014 წლის 1 სექტემბრიდან უქმდება "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" ჩადებული, დაცვის მხარის საგამონაკლისო უფლება, რომლის თანახმადაც, დაცვის მიერ ერთი ისეთი მტკიცებულების წარუდგენლობა, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაცვის უზრუნველსაყოფად, სასამართლოში არსებით განხილვაზე ამ მტკიცებულების დაუშვებლობას არ იწვევს.
პრეზიდენტი საკუთარ შენიშვნებში აღნიშნავს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების და ადვოკატთა ასოციაციის მოსაზრებები გაითვალისწინა.
უმრავლესობის წევრების თქმით კი, პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი მთლიანობაში პროგრესულია და ცალსახად ზრდის დაცვის მხარის უფლებებს სისხლის სამართლის საქმეში.