მძიმეა მდგომარეობა დევნილებთან დაკავშირებით, მაგრამ პრობლემის მოსაგვარებლად აქტიურად ვმუშაობთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ბათუმში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
პრემიერ-მინისტრს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან დევნილები საპროტესტო აქციით დახვდნენ, რომლებიც აღნიშნავდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილი არჩევნებამდე პრობლემის მოკლე დროში მოგვარებას შეჰპირდა, თუმცა დანაპირები არ შეასრულა.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ პრემიერი დევნილებს გაესაუბრა და აღნიშნა, რომ მისი გუნდი ვალდებულია დევნილების საკითხი მოაგვაროს. "დამატებით სახსრებს ვიზიდავთ, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში ყველანი დავაკმაყოფილოთ. დღეს რაც მოითხოვეს, რომ მათ მიიღონ სახელმწიფოსგან გარანტია, დღეს თუ ვერა, ცოტა გვიან მიიღონ ბინები, ამაზე დავიწყებთ მუშაობას. ძალიან განვიცდი და დღეს ათასჯერ ბოდიში მოვიხადე, ახლაც შემიძლია ბოდიში მოვუხადო მათ. აქ არ იკვეთება პირდაპირ ჩემი ბრალეულობა, მაგრამ დღეს ჩვენ ხელისუფლებაში ვართ, მათ მეტი გზა არ აქვთ, ჩვენთან მოდიან, ჩვენ ვალდებულები ვართ და ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
პრემიერის თქმით, მომდევნო კვირის განმავლობაში საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი დავით დარახველიძე ბათუმს ეწვევა და დევნილთა საკითხს შეისწავლის. ბიძინა ივანიშვილთან ერთად დევნილებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძეც გაესაუბრა.