იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ასარჩევად კენჭისყრის მეორე ტური დღეს გაიმართება

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ასარჩევად კენჭისყრის მეორე ტური დღეს გაიმართება

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ასარჩევად პარლამენტში კენჭისყრის მეორე ტური დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გაიმართება. დღეს კენჭს უყრიან ასევე მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრობის კანდიდატებს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრების ასარჩევად მეორე ტურის დანიშვნა ოთხშაბათის სესიაზე გახდა საჭირო. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ კენჭისყრაში საპარლამენტო უმცირესობა არ მონაწილეობდა, ხმების 2/3 ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოაგროვა.

მათ ასარჩევად პირველ ტურში საჭირო იყო 2/3 ქვორუმი, ამ რაოდენობის ხმის მიუღებლობის შემთხვევაში, მეორე ტური ტარდება, სადაც ხმათა უმრავლესობით შესაძლებელია 4 წევრის დამტკიცება, თუმცა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პარლამენტის მხრიდან შერჩეული ორი კანდიდატი 2/3 ქვორუმით უნდა იყოს აუცილებლად დამტკიცებული.

შესაბამისად, ხმათა უმრავლესობით მეორე ტურში 12 კანდიდატი გადავიდა. ესენი არიან, ვახტანგ თორდია, ეკა გასიტაშვილი, ნინო ბაქაქური, გოჩა მამულაშვილი, კახა სოფრომაძე, მამუკა სონღულაშვილი, გია მეფარიშვილი, ევა გოცირიძე, ლევან ხეცურიანი, მადი ჩანტლაძე, როინ მიგრიაული და დავით სულაქველიძე.

მეორე ტურში 4 კანდიდატს უკვე არა 2/3 ქვორუმით, არამედ ხმათა უმრავლესობით აირჩევენ, თუმცა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პარლამენტის მხრიდან შერჩეული ორი კანდიდატი 2/3 ქვორუმით უნდა იყოს აუცილებლად დამტკიცებული. შესაბამისად, მათ ასარჩევად აუცილებლად ოპოზიციის ხმები გახდება საჭირო.

რაც შეეხება საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრობის კანდიდატებს, წინა სხდომაზე ქვორუმით გათვალისწინებული - 76 ხმა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა. შესაბამისად, მეორე ტურში საუკეთესო შედეგის მქონე 4 კანდიდატი გავიდა. ესენი არიან, ქეთევან ბექაური, ნინო ნიშნიანიძე, მერაბ ჩიქოვანი და გიორგი ტურაზაშვილი.