"რესპუბლიკელები" უცხოელებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწებზე საკუთრების უფლების შეზღუდვას ეწინააღმდეგებიან

უცხოელებისა და უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული იურიდიული პირებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწების საკუთრებაზე უფლების შეზღუდვის ინიციატივას "რესპუბლიკელები" არ იზიარებენ.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, საფინანსო-საბიუჯეტო და აგრარულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც დეპუტატებმა "ქრისტიან-დემოკრატების" საკანონმდებლო წინადადება განიხილეს, ფრაქცია "ქართული ოცნება - რესპუბლიკელების" ხელმძღვანელმა დავით ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ საკითხს სკეპტიკურად უყურებს და ვარაუდობს, რომ ამ ინიციატივის მომხრე არც ფრაქცია იქნება.


"სკეპტიკურად ვუყურებ და ვვარაუდობ, რომ ჩვენი ფრაქცია არ იქნება მომხრე, იმპერატიულად წავიდეთ იმ მიმართულებით, რომ პრინციპში შეუძლებელი იყოს ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქისთვის, დასავლეთისთვის თუ სხვა ქვეყნების წარმომადგენლებისთვის პრინციპულად ავკრძალოთ საკუთრების უფლება. ვეჭვობ, რომ ჩვენ ამას მხარი დავუჭიროთ. ამასთან, გვაქვს კონსტიტუციური პრობლემა. სერიოზული კონსტიტუციური ცვლილებისთვის შეიქმნება საკონსტიტუციო კომისია და ეს თემები იქ განიხილება. ამიტომ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს, ბუნებრივია, ვერ მივიღებთ. ევროკავშირში შესვლამდე, ევროკავშირის წევრ ქვეყნების მოქალაქეებს საქართველოში მიწაზე საკუთრება ავუკრძალოთ, ეს ევროკავშირისკენ სვლა არ არის, რადგან ეს არის ძალიან გრძელი გზა და როდის შევალთ, ვინ იცის. არ ვფიქრობ, რომ პრობლემა მხოლოდ და მხოლოდ ისაა, რომ მიწის მესაკუთრეები სხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან. მთავარი პრობლემა არის ის, რომ არ არის რეგულირებული და გვაკლია საკანონმდებლო უზრუნველყოფა იმისთვის, რომ ჩვენ ჩვენი ქვეყნის ინტერესი დავიცვათ", - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე.

"ქრისტიან-დემოკრატებმა" პარლამენტს შესთავაზეს საკანონმდებლო წინადადება, რომლის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოელების საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით მორატორიუმი საქართველოს ევროკავშირში შესვლამდე უნდა გამოცხადდეს. ასევე შეზღუდვა უნდა შეეხოს ყველა იმ იურიდიულ პირს, რომლის ბენეფიციარიც საქართველოს მოქალაქე არ არის. ქდმ-ს საკანონმდებლო წინადადება ასევე ითვალისწინებს გარკვეული რეგულაციებისა და ვალდებულებების შემოღებას უკვე გასხვისებულ მიწებთან დაკავშირებით.
ამასთან, პარლამენტში უკვე ინიცირებულია კანონპროექტი, რომლის მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების მინიჭება უცხოელებისა და უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული იურიდიული პირებისათვის მომავალი წლის ბოლომდე შეჩერდება. "სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" კანონში ცვლილების ავტორები პარლამენტის წევრები ზურაბ ტყემალაძე და გიგლა აგულაშვილი არიან.