"დღეს დაკავებული მიკაილ კადიევი გასული წლის ბოლოს გაუჩინარებული დაღესტნელი მოჯაჰედი მიქაელ ქადოევია"

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ტერაქტის მოწყობის მცდელობის ბრალდებით დღეს დაკავებული მიკაილ კადიევი გასული წლის ბოლოს გაუჩინარებული დაღესტნელი მოჯაჰედი მიქაელ ქადოევია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნულ ინფორმაციას არც უარყოფენ და არც ადასტურებენ.

"დამატებით ვერაფერს გეტყვით, გარდა იმ ინფორმაციისა, რომელიც დღეს გავაჟღერეთ", - განუცხადა "პირWელს" შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა.

ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, საქართველოს შს სამინისტროს კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ბრალდებით მაგამედ მაგამედოვი და მიქაილ ქადოევი 2012 წლის 13 დეკემბერს ბათუმში დააკავეს. მიქაელ ქადოევი თბილისში გადმოყვანისას, სავარაუდოდ, გაიქცა და გაუჩინარდა. მაგამედოვს კი პროკურატურამ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით წაუყენა. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებული სასჯელაღსრულების გლდანის #8 დაწესებულებაში მოათავსეს. მოგვიანებით მაგამედოვს ამნისტია შეეხო და გათავისუფლდა. იგი 2013 წლის 19 აპრილს დაიკარგა.

შეგახსენებთ, რომ სამართალდამცველებმა თბილისში დღეს გამთენიისას ტერორისტული აქტის განხორციელების მცდელობის მიზეზით ორი პირი - მიკაელ კადიევი და რიზვან ომაროვი დააკავეს.