თეა წულუკიანი ომბუდსმენთან არსებულ რელიგიური უმცირესობების საბჭოების წარმომადგენლებს შეხვდა

თეა წულუკიანი ომბუდსმენთან არსებულ რელიგიური უმცირესობების საბჭოების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ომბუდსმენთან არსებულ რელიგიური უმცირესობების საბჭოების წარმომადგენლებს შეხვდა. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, თეა წულუკიანმა ომბუდსმენთან არსებული რელიგიური უმცირესობების საბჭოების წარმომადგენლებისგან სხვადასხვა კონფესიის მოქალაქეთა პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და მათ სახელმწიფოს მხრიდან თანადგომას დაჰპირდა. შეხვედრას საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ესწრებოდა.

სამინისტროს ინფორმაციით, საუბრის ძირითადი თემა იმ საკითხებს შეეხებოდა, რომლებიც დღეს რელიგიურ უმცირესობებს აღელვებთ. კერძოდ, უჩა ნანუაშვილის განცხადებით, იუსტიციის მინისტრთან რელიგიური უმცირესობების საბჭოების წარმომადგენლებმა კანონმდებლობაში არსებულ პრობლემებზე, ქონების რეგისტრაციის მექანიზმებზე, საგადასახადო რეჟიმზე გაამახვილეს ყურადღება. შეხვედრაზე სამთაწყაროში არსებულ სიტუაციაზეც იმსჯელეს.

"ჩვენ დღეს შევხვდით სახალხო დამცველთან მოქმედ რელიგიათა და ეთნიკური უმცირესობების საბჭოების წარმომადგენლებს და მათგან იმ პრობლემების შესახებ მოვისმინეთ, რომლებიც საქართველოში მოქმედ რელიგიურ კონფესიებს აწუხებთ. ეს არის საკანონმდებლო საკითხებიც, მაგრამ ამ ბოლო დროს ხშირად გვესმის სხვა ტიპის პრობლემების შესახებ, რომლებიც რელიგიურ დაძაბულობას ეხება სხვადასხვა რეგიონში", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა პრობლემები აქვთ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც რელიგიურ უმცირესობებს წარმოადგენენ და როგორ ხედავენ ისინი ამ პრობლემების მოგვარების გზებს.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, თეა წულუკიანთან შეხვედრას დადებითად აფასებს ქართველ მუსლიმთა კავშირის ხელმძღვანელი ტარიელ ნაკაიძე.

"ჩვენთვის ძალიან აქტუალურია სამთაწყაროში არსებული პრობლემა, სადაც მუსლიმ მოსახლებას არ ეძლევა პარასკევის ლოცვის ჩატარების საშუალება. მნიშვნელოვანია, რომ რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს საშუალება მოგვეცა, ამ და სხვა საკითხებზე პირადად ვესაუბროთ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელს - იუსტიციის მინისტრს. იმედი გვაქვს, ჩვენი შეხვედრა შედეგის მომტანი იქნება", - განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ.