ილია ელოშვილი:   ენერგოტარიფების კლება ინვესტიციების შემცირებას არ გამოიწვევს

ილია ელოშვილი: ენერგოტარიფების კლება ინვესტიციების შემცირებას არ გამოიწვევს

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის რეკომენდაციებს "მნიშვნელოვანს" უწოდებს, თუმცა არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ტარიფების კლება ინვესტიციების შემცირებას გამოიწვევს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილმა განუცხადა, აღნიშნულის მიუხედავად უწყება რეკომენდაციების ძირითად ნაწილს იზიარებს.

"რა თქმა უნდა, სავალუტო ფონდის მისიის ნებისმიერი რეკომენდაცია მნიშვნელოვანია და ჩვენ მათ ყურადღებით ვსწავლობთ. მისიას რეკომენდაციების ძირითად ნაწილში ვეთანხმებით, თუმცა არ ვიზიარებთ იმ შეფასებას, რომ ტარიფების შემცირება რაღაც ფორმით ინვესტიციების შემცირებას გამოიწვევს", - განაცხადა ილია ელოშვილმა.

რაც შეეხება რეკომენდაციის იმ ნაწილს, რომელშიც საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ენერგოფასების განსაზღვრისას წესებზე დამყარებულ მექანიზმს დაუბრუნდეს, მინისტრის მოადგილის განმარტებით, ენერგეტიკის სამინისტროს წესები არ დაურღვევია.

"ჩვენ წესები არ დაგვირღვევია და ვმოქმედებდით წესებით - იყო გაფორმებული მემორანდუმები, შემდგომში მოხდა მათი შეცვლა და დასამტკიცებლად სემეკისთვის გადაგზავნა. ასე რომ, ჩვენ ამ რეკომენდაციას ვიგებთ იმგვარად, რომ სამომავლოდ თვითონ მარეგულირებელმა კომისიამ, მთავრობის ჩარევის გარეშე განსაზღვროს ტარიფები. ვეთანხმებით და ამაზე ვმუშაობთ. ეს იყო ბოლო შემთხვევა, როცა მთავრობა ჩაერია ტარიფების განსაზღვრაში, ამიერიდან ამას თავად მარეგულირებელი განსაზღვრავს", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ამ კონტექსტში, ილია ელოშვილმა ღიად დააფიქსირა, რომ მათი მთავარი მიზანია, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია რეალურად დამოუკიდებელი გახდეს.

"ჩვენი მთავარი ამოცანაა, მარეგულირებელი კომისია გაძლიერდეს და გახდეს რეალურად დამოუკიდებელი. ამის არა მხოლოდ ნება არსებობს, არამედ ხდება "ელექტროენერგიისა და გაზის შესახებ" კანონის იმ ფორმით მოდიფიცირება, რომლითაც სამინისტროს გარკვეული ფუნქციები სწორედ მას გადაეცემა", - განმარტა ელოშვილმა.

გარდა ამისა, მინისტრის მოადგილე მისიის იმ მოწოდებასაც გამოეხმაურა, რომელიც ელექტროენერგიის სადისტრიბუციო კომპანიებთან მიღწეული შეთანხმებების პირობების გამოქვეყნებას შეეხება და განაცხადა, რომ სამინისტროს ამის სურვილი აქვს, თუმცა შესაბამისი კომპანიებისგან აღნიშნულთან დაკავშირებით დადებითი პასუხი ჯერ არ მიუღია.

"ჩვენც გვინდა, გამოვაქვეყნოთ მემორანდუმები, რომლებიც დაიდო "ინტერ რაო ეესა" და "ენერგო პრო-ჯორჯიასთან". ამის თაოაბაზე მათ მივმართეთ კიდეც, თუმცა დადებითი პასუხი ჯერჯერობით არ მიგვიღია. შესაბამისად ჩვენ ცალმხრივად მათ ვერ გამოვაქვეყნებთ, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ამავე ვმუშაობთ", - განაცხადა ენერგეტიკის მინისრის მოადგილემ.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის განცხადებით, საქართველოში ტარიფების ბოლოდროინდელმა შემცირებამ ელექტროენერგიის სადისტრიბუციო კომპანიების რენტაბელობა შეამცირა, რის გამოც ფონდი არ გამორიცხავს, რომ ინვესტირება შეფერხდეს. ამის შესახებ მისია საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ დასკვნით განცხადებაში საუბრობს და მეტი გამჭვირვალობისთვის მთავრობას ელექტროენერგიის სადისტრიბუციო კომპანიებთან მიღწეული შეთანხმებების პირობების გამოქვეყნებისკენ მოუწოდებს.

"მთავრობამ ყურადღება უნდა მიაქციოს, რომ მისი მონაწილეობა ენერგეტიკის სექტორში იყოს გამჭვირვალების და სამართლიანი "თამაშის წესების" დაცვით, რის მეთვალყურეობასაც ენერგეტიკის დამოუკიდებელი მარეგულირებელი უზრუნველყოფს. ტარიფების ბოლოდროინდელმა შემცირებამ ელექტროენერგიის სადისტრიბუციო კომპანიების რენტაბელობა შეამცირა და შეიძლება შეაფერხოს ინვესტირება. გამჭვირვალობის მიზნით მთავრობას მოვუწოდებთ გამოაქვეყნოს ელექტროენერგიის სადისტრიბუციო კომპანიებთან მიღწეული შეთანხმებების პირობები, რათა ტარიფების შემცირების უკან მდგომი მიზეზები გასაგები გახდეს", - ნათქვამია მისიის დასკვნით განცხადებაში.

ამასთან, ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ საქართველოს უზარმაზარი პოტენციალის რეალიზაციისთვის საჭირო ინვესტიციების მოსაზიდად მთავრობამ, თავის პარტნიორებთან ერთად, დარგის მარეგულირებელი ჩარჩო სისტემის გასაუმჯობესებლად უნდა იმუშაოს. იქვე მისია საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ენერგოფასების განსაზღვრისას წესებზე დამყარებულ მექანიზმს დაუბრუნდეს.

"ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, დაუბრუნდნენ წესებზე დამყარებულ მექანიზმს ენერგოფასების განსაზღვრისას და ოპერატიულად შეიმუშაონ ენერგო პოლიტიკის სტრატეგია. ზემოთხსენებულმა ნაბიჯებმა უნდა შეამსუბუქონ ინვესტორების წუხილი იმის თაობაზე, რომ მთავრობა შეიძლება მომავალშიც ჩაერიოს ფასებისა და გადამცემი ხაზების წვდომის განსაზღვრაში. ამით ახალი ინვესტიციების წახალისება მოხდება. იგივე მიდგომით შეიძლება შემცირდეს ენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებათა აუცილებლობაც, რომელიც მთავრობას მნიშვნელოვნად უზრდის სავარაუდო ვალდებულებებს და ამდენად მხოლოდ ბოლო ინსტანციად უნდა იქნეს დაშვებული – მას შემდეგ, რაც ენერგო პოლიტიკის სტრატეგიაში აღნიშნული ყველა სხვა მეთოდი გამოყენებული იქნება", - აღნიშნულია დოკუმენტში.