სახელმწიფო დღეს გვეუბნება – ვისაც სადოქტორო დაცული აქვს ხუთი ბოთლი კონიაკით, რუსეთში, მას აქვს უფლება ასწავლოს და ვისაც დამთავრებული აქვს კოლუმბიის უნივერსიტეტის მაგისტრატურა, როგორც მე, მას – არა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, ახალი წესების შესაბამისად ამგვარი სიტუაცია იქმნება.
"რექტორებს დანიშნავს მთავრობა, პრემიერ-მინისტრი, მაგრამ ხალხი, რომელსაც არ აქვს პროფესორის ხარისხი, პრაქტიკულად უნდა ჩამოშორდეს სწავლებას. მე პროფესორების ოჯახიდან ვარ. დედაჩემმა სადოქტორო რომ დაიცვა, იყო 35 წლის, რაც მაშინ წარმოუდგენელი მოვლენა იყო, თუმცა იქამდე დღე და ღამე მუშაობდა. ასეთი პროფესორები საქართველოში ბევრია, ვინც ყველაფერს თავისი შრომით მიაღწია, მაგრამ არის ისეთი ხალხიც, ვინც კონიაკები ჩაიტანა კრასნოიარსკში და დაიცვა სადოქტორო, ან დაამთავრა მეცნიერული კომუნიზმის ფაკულტეტი ყაზანში", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, როდესაც ადამიანი კონიაკის სანაცვლოდ მიღებული დოქტორის ხარისხით კონკურენციას უწევს კოლუმბიის უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრს, ეს დისკრიმინაციაა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, არსებობს ბევრი გამოცდილი ახალგაზრდა კადრი, რომლებმაც უნივერსიტეტებში ახალი სუნთქვა შეიტანეს და არ შეიძლება, მათ მუშაობა აეკრძალოთ.
"იყო თავისუფალი კონკურენცია – ვაუჩერით ფული მიჰყვებოდა სტუდენტს. თუ სტუდენტი თვლის, რომ რობაქიძის უნივერსიტეტი ყველაზე მაგარია, სახელმწიფომ მას უნდა გააყოლოს ისეთივე ფული, როგორც სახელმწიფო უნივერსიტეტში. ეს კარგია სახელმწიფო უნივერსიტეტისთვისაც და თავისუფალი უნივერსიტეტებისთვისაც. ბაზარზე იქნება კონკურენცია და სტუდენტი წავა იმ უნივერსიტეტში, რომლის კურსდამთავრებულიც უკეთ შოულობს სამსახურს, სადაც არის უკეთესი სწავლება, უცხოეთში სწავლის გაგრძელების პერსპექტივა. როდესაც ამბობ, რომ ვაუჩერს აღარ მისცემ, ამით ასუსტებ სახელმწიფო უნივერსიტეტსაც და ანადგურებ დამოუკიდებელ უნივერსიტეტებს. ახლა ხდება ჩვენი სისტემის რესოვიეტიზაცია. ჩვენ ვბრუნდებით 20-30 წლით უკან, თუ ეს ისე გაკეთდა, როგორც ისინი ვარაუდობენ. ვფიქრობ, ეს არ გაკეთდება, მაგრამ ზიანს მაინც მოიტანს, დაპაუზებულ მდგომარეობაში გადაიყვანს ჩვენს განათლების სისტემას. ამიტომ ჩვენ ძალიან ფრთხილად და ფხიზლად უნდა ვიყოთ", - აღნიშნა სააკაშვილმა.