მიხეილ სააკაშვილი სავიზო რეჟიმის გადახედვის გეგმას აკრიტიკებს

მიხეილ სააკაშვილი სავიზო რეჟიმის გადახედვის გეგმას აკრიტიკებს

საქართველოს პრეზიდენტი სავიზო რეჟიმის გადახედვის გეგმას აკრიტიკებს და მთავრობას ამ საკითხისადმი ფაქიზი მიდგომისკენ მოუწოდებს. 

როგორც მიხეილ სააკაშვილმა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა, უცხოელებს უნდა მიეცეთ საშუალება, ჩამოვიდნენ საქართველოში და ქვეყანა თავიანთ თანამოქალაქეებსაც გააცნონ.

"შემოიღეს ვიზებზე მკაცრი კონტროლი, რომ აღარ ჩამოვიდნენ საქართველოში აზიიდან, აფრიკიდან. სინამდვილეში, აფრიკიდან და აზიიდან ჩამოსული არჩენს ქართველ პროფესორს, ადაბლებს გადასახადს ქართველი სტუდენტისთვის. მას მოაქვს თავისი კულტურა და ხვალ და ზეგ საქართველოს სახელი გავა აზიაში, აფრიკაში, ლათინურ ამერიკაში და ამას არ უნდა ვეწინააღმდეგებოდეთ. ჩვენ უნდა მივცეთ საშუალება უცხოელებს, ჩამოვიდნენ, ისწავლონ და ფული გადაუხადონ ჩვენს პროფესორ-მასწავლებლებს. ახლა შემოვიდა ახალი სავიზო სისტემა, რომლითაც ამას პრაქტიკულად გზას ვუკეტავთ. საქართველოს აქვს ერთადერთი საშუალება – იყოს გახსნილი, ბევრი ადამიანი ფულს ხარჯავდეს, ჩამოდიოდეს, ჩვენი ამბავი გაჰქონდეს. ამ საკითხებს ჩვენ ფაქიზად უნდა მოვეპყროთ", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

საქართველოს ლიბერალური სავიზო რეჟიმი გადაიხედება, - ამის შესახებ გადაწყვეტილება მიგრაციის სამთავრობო კომისიამ მიიღო. კანონპროექტთა პაკეტს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მთავრობის უახლოეს სხდომაზე წარადგენს.