სასამართლომ კაზინო

სასამართლომ კაზინო "აჭარას" ორმილიონ ნახევარი დოლარის გადახდა დააკისრა

სასამართლომ კაზინო "აჭარას" ორმილიონ ნახევარი დოლარის გადახდა დააკისრა. 

"აჭარასთან" დაკავშირებულ დავაზე, სადაც მოსარჩელე პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული ივანე ჩიღვინაძეა, სასამართლომ დღეს კაზინოს ორ მილიონ ნახევარი დოლარის გადახდა დააკისრა. სასამართლო პროცესზე, მოსამართლე დიანა ბერუკაშვილმა ივანე ჩიღვინაძის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, თუმცა თავად მოსარჩელე მხარე მოსამართლის დღევანდელი გადაწყვეტილებით კმაყოფილია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ივანე ჩიღვინაძემ განუცხადა, იგი ხუთ მილიონს ითხოვდა, თუმცა მოთხოვნა ნაწილობრივ იქნა დაკმაყოფილებული.
"კმაყოფილი ვარ სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, პირველად შევესწარი პროცესს, რომელიც სამართლიანობის აღდგენისკენ გადადგმული ნაბიჯია. 30-ზე მეტ პროცესზე ვარ ნამყოფი, სადაც სპექტაკლები იდგმებოდა. დღეს მე დავამარცხე კეზერაშვილისა და იაკობაშვილის მხარე", _ განაცხადა ივანე ჩიღვინაძემ.

მისივე თქმით, კაზინო "აჭარასთან" სასამართლო დავები გრძელდება, კერძოდ, მის პარტნიორებს ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით "აჭარის" წინააღმდეგ კიდევ ორი სარჩელი აქვთ შეტანილი.
ივანე ჩიღვინაძემ კაზინო "აჭარას" 2009 წელს გაცემული სესხის დაუბრუნებლობის გამო უჩივლა. კერძოდ, როგორც ჩიღვინაძემ გათავისუფლების შემდეგ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, 2009 წელს რაც მან ოპოზიციაში აქტიურობა დაიწყო, ბიზნესმენებმა დავით კეზერაშვილმა და დავით იაკობაშვილმა მასზე პოლიტიკური ზეწოლის მიზნით "შეტევები განახორციელეს".

ივანე ჩიღვინაძის ინფორმაციით, მან კაზინო "აჭარას" თანხა ასესხა, არსებობდა სესხის ხელშეკრულება, თუმცა თანხის უკან დაბრუნებაზე კაზინომ გათავისუფლების შემდეგ უარი უთხრა.
კაზინო "აჭარას" საქალაქო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით მოსარჩელე ივა ჩიღვინაძესთვის თანხის გადაცემის ვადად 20 დღე განესაზღვრა. ამასთან, კაზინოს, დღევანდელი გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა ორი კვირის ვადაში გააჩნია.

ივანე ჩიღვინაძე, რომელიც პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლდა, პარტია "დემოკრატიული მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელია.