მამუკა არეშიძე:   კადიევი, როგორც ჩანს, მიბმულია ლაფანყურის მოვლენებზე

მამუკა არეშიძე: კადიევი, როგორც ჩანს, მიბმულია ლაფანყურის მოვლენებზე

ტერორისტული აქტის მომზადებაში მხილებული მიკაილ კადიევი ერთ-ერთია იმ პირთა შორის, რომლებსაც საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციები მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ეძებდნენ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ განუცხადა. 

მისი ინფორმაციით, კადიევი და მაგომედოვი სახლიდან გამოსვლისას სხვადასხვა დროს გაუჩინარდნენ – ერთი - დეკემბერში, მეორე – გაზაფხულზე.

"ორივე წარმოდგენილი იყო, როგორც ჩეჩენი, თუმცა მაგომედოვი დაღესტნელია და მათი ოჯახის წევრები ამბობდნენ, რომ ისინი საქართველოს სამართალდამცავებმა გააქრეს. ახლა ირკვევა, რომ კადიევი არსად გამქრალა. როგორც ჩანს, ის დამალული იყო. ძალიან საინტერესო რამ არის მითითებული შსს-ს ინფორმაციაში – კადიევი არის იმ ჯგუფის წევრი, რომლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი დაკავებული ჰყავთ ერთ-ერთი ქვეყნის სპეცსამსახურებს. ეს ქვეყანა არის თურქეთი. დაკავებული კი – რუსლან პაპასირი, იგივე ზოონი, ადამიანი, რომელსაც ჩამოჰყავდა ლაფანყურის მონაწილე ჩეჩნები თბილისში. კადიევიც ამ ჯგუფიდან არის. ანუ ეს ადამიანი, როგორც ჩანს, მიბმულია ლაფანყურის მოვლენებზე", - აღნიშნა არეშიძემ.

რაც შეეხება კადიევის სახლში ნაპოვნ იარაღსა და ასაფეთქებელ ნივთიერებებს, არეშიძის შეფასებით, ასაფეთქებელი ნივთიერებები ძიების საგანია.

"იარაღი კი არ მიკვირს, რადგან ეს იარაღი ქართული სპეცსამსახურების თანამშრომლებმა ამ ჯგუფს 2010-2011 წლებში თავად დაურიგეს, თავისი ცნობებით და დამადასტურებელი დოკუმენტაციით, რომ ისინი საქართველოს ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომლები იყვნენ", - განაცხადა არეშიძემ.

შსს-ს ინფორმაციით, დღეს გამთენიისას, თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეები მიკაილ კადიევი და რიზვან ომაროვი დააკავეს.

"მათი დროებითი საცხოვრისიდან, ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა დიდი ოდენობით ძლიერმოქმედი ასაფეთქებელი ნივთიერება (სავარაუდოდ, პლასტიდი) და ელექტროდეტონატორები, აგრეთვე, ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და პირადობის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტაცია.

გამოძიების ამ ეტაპზე უტყუარად დადასტურებულია, რომ ინტერპოლის მიერ ძებნილი კადიევი საქართველოს თავს 2011 წლიდან აფარებდა, თუმცა პერიოდულად ტოვებდა ქვეყნის ფარგლებს.

ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ტერორისტული აქტის მომზადებაში მხილებულ პირთა დანაშაულებრივი კავშირების - ხელშემწყობებისა და მფარველების - გამოვლენისა და გაუვნებელყოფის მიზნით როგორც ქვეყნის შიგნით, აგრეთვე საერთაშორისო ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში, ვინაიდან მიკაილ კადიევის მიერ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულის თანამონაწილე პირი დასავლეთ ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის სამართალდამცავების მიერ ჯერ კიდევ 2012 წელს იქნა დაკავებული.

"ჩვენ გავაგრძელებთ საზოგადოების პერიოდულ ინფორმირებას გამოძიების შედეგების თაობაზე და გვსურს დაგარწმუნოთ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გააკეთებს ყველაფერს ტერორიზმის საფრთხისგან საქართველოს მოქალაქეების დაცვის მიზნით", - განაცხადა გიორგობიანმა.