ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილზე გადაღებულ ვიდეომასალაში, FBI-დან მიღებული შუალედური დასკვნის მიხედვით, ათეულობით მონტაჟის ფაქტი იკვეთება, - ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა.
მისი თქმით, აქედან გამომდინარე, არ შეიძლება აღნიშნული ვიდეომასალა გამოძიებისთვის ხარისხიან ინფორმაციად ჩაითვალოს.
"წესით, არ უნდა იყოს აღნიშნული მასალა მტკიცებულებად მიღებული და შინაარსობრივი ხასიათის დასკვნების გაკეთება არ უნდა მოხდეს", - განაცხადა კბილაშვილმა.
FBI-დან შუალედური დასკვნის ჩამოსვლის შესახებ ინფორმაცია მედიას ბუტა რობაქიძის საქმეში ერთ-ერთმა ბრალდებულმა, გურმა დონაძემაც მიაწოდა. მისი თქმით, დასკვნაში არ წერია, რომ ვიდეომასალა დამონტაჟებულია.
ვიდეომასალა, რომელიც ამერიკის ფედერალურ ბიუროში ექსპერტიზისთვის გაიგზავნა, საქმეში კიდევ ერთმა ბრალდებულმა ირაკლი ფირცხალავამ გაავრცელა.