კოტე კუბლაშვილი:  იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვერასოდეს შეამოწმებს, რამდენად კანონიერად მიიღო მოსამართლემ გადაწყვეტილება

კოტე კუბლაშვილი: იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვერასოდეს შეამოწმებს, რამდენად კანონიერად მიიღო მოსამართლემ გადაწყვეტილება

იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ ამოწმებს, ვერ ამოწმებს და ვერასოდეს შეამოწმებს, რამდენად კანონიერად მიიღო მოსამართლემ გადაწყვეტილება , - ამის შესახებ ჟურნალისტებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, კოტე კუბლაშვილმა სახალხო დამცველის მიმართვის კომენტირებისას განუცხადა. 

მისი თქმით, ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კომპეტენციაში არ შედის.

"ეს რომ გავაკეთოთ და დავუშვათ, ეს იქნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან მოსამართლის დამოუკიდებლობაში პირდაპირი ჩარევა. ამ შემთხვევაში კი განსხვავება არ არსებობს – გნებავთ, პროკურორმა უთხრას მოსამართლეს, "უნდა დაგკითხო, რატომ მიიღე ასეთი გადაწყვეტილებაო", გნებავთ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უთხრას. გადაწყვეტილების მიღება არავის საქმე არ არის, ეს არის მოსამართლის, შემდეგ კი მისი ზემდგომი ორი ინსტანციის მოსამართლეების ექსკლუზიური კომპეტენცია", - განაცხადა კოტე კუბლაშვილმა.

მისივე თქმით, ნებისმიერი ასეთი სახის წერილი - "იმ საქმეში რაღაც მოხდა, გამოასწორეთ და აღძარით დევნა", სახალხო დამცველისგან იქნება თუ ნებისმიერი სხვა ადამიანისგან, დაუსაბუთებელი იქნება.

"ეს არ არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კომპეტენცია, რომ მოსამართლეს უთხრას – "ასეთი კი არა, სხვანაირი გადაწყვეტილება უნდა მიგეღო და ამის გამო მე შენ უნდა დაგსაჯო", - აღნიშნა კუბლაშვილმა.

სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს, ვალერი ცერცვაძეს რამდენიმე მოსამართლის წინააღმდეგ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების და კანონშესაბამისი რეაგირების წინადადებით მიმართა.

როგორც სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საუბარია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე – ინგა კვაჭანტირაძეზე, ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლეებზე - ჯუმბერ რუსიაშვილზე, ირაკლი შენგელიაზე და ივანე ღლონტზე.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მოსამართლეებმა დაარღვიეს საქართველოს კანონმდებლობა და ჯეროვნად არ შეასრულეს მოსამართლის მოვალეობა.