საჯარო სკოლის პედაგოგების ანაზღაურებადი შვებულებების ვადა ორ თვემდე იზრდება

საჯარო სკოლის პედაგოგების ანაზღაურებადი შვებულებების ვადა ორ თვემდე იზრდება

საჯარო სკოლის პედაგოგების ანაზღაურებადი შვებულებების ვადა ორ თვემდე იზრდება. ამის შესახებ განათლების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა და პედაგოგთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე მაია კობახიძემ თბილისის საჯარო სკოლების 80-მდე დირექტორს დღეს 24-ე საჯარო სკოლაში გამართულ შეხვედრაზე აცნობეს. 

განათლების მინისტრის გადაწყვეტილებით, ცვლილება შედის საჯარო სკოლის დირექტორსა და მასწავლებს შორის დადებულ შრომის ხელშეკრულების სავალდებულო პირობების შესახებ ბრძანებაში, რითაც პედაგოგთა ანაზღაურებადი შვებულება არანაკლებ ორი თვის (ორმოც სამუშაო დღის) ვადით განისაზღვრა. განსხვავებული ვადა კი მხოლოდ განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით დადგინდება.

განათლების მინისტრის გიორგი მარგველაშვილის თქმით, მიმდინარე წლიდან მასწავლებლებს შესაძლებლობა ექნებათ ანაზღაურებადი შვებულებით ივლისის დასაწყისიდან ისარგებლონ და სკოლაში არაუგვიანეს 2 სექტემბერისა გამოცხადდნენ.

მისივე თქმით, პედაგოგებს ასევე შეუძლიათ ორი თვის წინასწარი ხელფასი ივლისში აიღონ. ამასთან, მარგველაშვილის განცხადებით, ხელფასები მოემატებათ სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლებსაც. აქამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის მიხედვით, მასწავლებლებს ანაზღაურებადი შვებულება წელიწადში 24 სამუშაო დღის ვადით ეძლეოდათ.