გივი თარგამაძე:  თავდაცვის სამინისტროს კვების ტენდერში გამარჯვებული შპს-ს სახელია

გივი თარგამაძე: თავდაცვის სამინისტროს კვების ტენდერში გამარჯვებული შპს-ს სახელია "ელექტრომონტაჟ სერვისი"

თავდაცვის სამინისტროში კვების ტენდერში, 19 და 39 მილიონ ლარიანი ლოტები მოიგო შპს-მ, რომლის სახელწოდებაა "ელექტრომონტაჟ სერვისი". ამის შესახებ დღეს, ქუთაისში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა წევრმა, გივი თარგამაძემ განაცხადა. 

"აქედან გამომდინარე, თუ ენერგეტიკოსები აჭმევენ ჯარს, ეს მოწამვლის ფაქტები უფრო სავარაუდო იქნებოდა იმთავითვე",-განაცხადა გივი თარგამაძემ.

რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს კვების ტენდერებს და მის გაუქმებას, გივი თარგამაძის განცხადებით, თავდაცვის მინისტრს და სამინისტროს აფრთხილებდნენ ირანულ კვერცხთან დაკავშირებით, რომ ის შეიცავს მოწამვლის საფრთხეს.

"თუმცა, როგორც ჩანს, მაინც გაუწია ალასანიამ ანგარიში გია ხუხაშვილს. პოლიტიკური რევერანსი გაუკეთა ამ ჯარისკაცების მოწამვლის ხარჯზე და შემდეგ ჩვენ ვნახეთ, რომ ხუხაშვილის რიტორიკა ალასანიას მიმართ შეიცვალა და საკმაოდ შერბილდა", - განაცხადა თარგამაძემ.

მისივე თქმით, ეჭვს იწვევს ოთხი ტენდერის გაუქმება-არგაუქმების თემაც. "ჩვენ გვახსოვს, როდესაც გვქონდა ლაპარაკი იმაზე, რომ ერთ-ერთი საკმაოდ მსხვილი ლოტი, 35 მილიონი ლარის, მოიგო შპს "ფუდლაინ ჯორჯიამ", ქალბატონი ირინე იმერლიშვილის მეუღლის ფირმამ. ჩვენ შემდეგ ვნახეთ განცხადება, რომ ეს ტენდერი გაუქმდა და ხელახლა ჩატარდება, მაგრამ დღემდე, შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ საიტზე ჩვენ გამარჯვებულად სწორედ ამ კომპანიას ვხედავთ. როგორც ჩანს ეს არის ასეთი პოლიტიკა - სიტყვით ითქმება, რომ ეს გაუქმდა, დაწყნარდება ხალხი და ის მიიღებს მაინც თავის 35 მილიონს საბოლოო ჯამში", -განაცხადა თარგამაძემ.