კაზონო

კაზონო "აჭარასთან" დაკავშირებულ დავას დღეს არსებითად განიხილავენ

კაზინო "აჭარასთან" დაკავშირებულ დავაზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს საქმის არსებითი განხილვა მოხდება. საქმე ეხება პოლიტპატიმრის სტატუსით ამნისტიის საფუძველზე გათავისუფლებულ ივანე ჩიღვინაძის სარჩელს, რომელიც კაზინოსგან 2009 წელს გაცემული სესხის თანხის ამოღებას მოითხოვს. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" ჩიღვინაძის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა როლანდ ძაძამიძემ განუცხადა, "კაზინო აჭარა" სასამართლოზე ჩამოუყალიბებელ პოზიციას აფიქსირებს.

"2009 წლის დასაწყისში ივანე ჩიღვინაძემ ფული ასესხა შპს "კაზინო აჭარას", სესხი მიღებული იყო კაზინოს მიერ, მაგრამ მიუხედავად არსებული წერილობითი ხელშეკრულებისა, კაზინოს არც ერთი ვალდებულება ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შესრულებული არ აქვს. "აჭარა" უარყოფს სესხის აღებას, მისი პოზიცია გაურკვეველი და ორაზროვანია. ერთ შემთხვევაში ამბობს, რომ სესხის რაღაც ნაწილი აქვს აღებული, მეორე შემთხვევაში ამბობს, რომ მან თვითონ გააუქმა ეს ხელშეკრულება, მესამე შემთხვევაში კი ამბობს, რომ ფული საერთოდ არ მიუღია. პოზიცია თვითონაც არ აქვთ ჩამოყალიბებული", - განაცხადა როლანდ ძაძამიძემ.

მისი თქმით, ბრალდების მხარემ წინასასამართლო სხდომაზე კაზინოსგან შესაბამისი საბუღალტრო დოკუმენტაცია მოითხოვა, თუმცა "აჭარის" ინტერესების დამცველებმა პროცესზე აბსოლუტურად სხვა დოკუმენტები წარადგინეს.

"კაზინო ცდილობს სასამართლოც და ჩვენი მხარეც შეცდომაში შეგვიყვანოს. ამავე დროს, კაზინოს წარმომადგენლებმა წინასასამართლო სხდომაზე განაცხადეს, რომ აპირებენ მოლაპარაკებების დაწყებას ჩვენს მხარესთან - ივანე ჩიღვინაძესთან, მაგრამ მიუხედავად ამისა, ერთხელაც კი არ უცდიათ მოლაპარაკების დაწყება. კაზინო ცდილობს, დრო გაწელოს და სარგებლობს იმით, რომ ის არის დომინირებულ მდგომარეობაში ბაზარზე. ცალსახად შეიძლება ვთქვათ, რომ კაზინო არ არის პატიოსანი ამ ურთიერთობებში", - განაცხადა ადვოკატმა.

პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული ივანე ჩიღვინაძე კაზინო "აჭარის" მხრიდან მიღებულ ზიანს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ჩიღვინაძემ გათავისუფლების შემდეგ განუცხადა, მასზე "დარტყმები" 2009 წელს, მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიტიკურ ოპოზიციაში დაიწყო აქტიურობა.
ჩიღვინაძის თქმით, კაზინოში ჩადებული თანხა მას ბიზნესმენებმა დავით კეზერაშვილმა და დავით იაკობაშვილმა ჩამოართვეს.

ამასთან, ივანე ჩიღვინაძე აცხადებს, რომ საქმეში სისხლის სამართლის დანაშაულიც იკვეთება, კერძოდ, პატიმრობის დროს, მის პარტნიორს ციხეში ყოველგვარი კანონის დაცვის გარეშე მოაწერინეს სასურველ საბუთებზე ხელი.