საპარლამენტო კომიტეტები დღეს უკანონო მოსმენებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო წინადადებას განიხილავენ

საპარლამენტო კომიტეტები დღეს უკანონო მოსმენებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო წინადადებას განიხილავენ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტები დღეს უკანონო თვალთვალსა და მოსმენებთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფის მიერ პარლამენტში შეტანილ საკანონმდებლო წინადადებას განიხილავენ, – ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საინიციატივო ჯგუფის წევრმა ლაშა ტუღუშმა განუცხადა. მასთან ერთად საინიციატივო ჯგუფის წევრები ზვიად ქორიძე და ლიკა საჯაია არიან.

ლაშა ტუღუშის თქმით, საკანონმდებლო წინადადების მიხედვით, ცვლილებები ხუთ კანონში უნდა შევიდეს, მათ შორის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონში, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, პერსონალური ინფორმაციის შესახებ კანონში და ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში.

"ცვლილებათა კანონპროექტი ბიუროზე გუშინ დარეგისტრირდა. ბიურომ დააწერა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს. დღეს კომიტეტებზე მოისმენენ და თვითონ აიღებენ ამ ინიციატივას. ამ ცვლილებების მიხედვით სასჯელი უნდა გამკაცრდეს უკანონო მოსმენებისთვის, თვალთვალისთვის, გაძლიერდეს საპარლამენტო და სასამართლო კონტროლი, ასევე, სამოქალაქო კონტროლი, გაიზარდოს მოქალაქეებისა და დაინტერესებული მხარეეების შესაძლებლობები იმისათვის, რომ ისინი დაცულები იყვნენ და შეძლონ საკუთარი ინტრესების დაცვა", - განაცხადა ლაშა ტუღუშმა.
აღსანიშნავია, რომ ფარული მოსმენების საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში პრეზიდენტის მიერ ასევე ინიცირებულია მსხვილი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ცვლილებების განხორციელებას 26 კანონში ითვალისწინებს.