“თუკი საქართველო რუსეთის ორბიტაში მოექცევა ჩემს ქვეყანას დავტოვებ”

“თუკი საქართველო რუსეთის ორბიტაში მოექცევა ჩემს ქვეყანას დავტოვებ”

მდაბიოები ადამიანურ დამოკიდებულებას სათანადოდ ვერ აფასებენ. 1-ლი ოქტომბრის მერე შოკში ჩავარდნენ და გაიყურსნენ, ახლა ისევ ხმა აიმაღლეს. როცა მათ უსმენ, გინდა ყელში სწვდე. გატუტუცდნენ, გაიჯგიმნენ და უნამუსო რიტორიკა განაგრძეს. ხომ დაინახეთ, რა უნამუსოდ მოაწყვეს 17 მაისის აქცია. ლგბტ-საზოგადოების დამცველები სად იყვნენ, როდესაც შარშან პოლიციამ ასეთი აქციის მონაწილეებს სცემა, ახლა რომ ტლიკინებენ?

აცხადებს “კვირის პალიტრასთან” დირიჟორი გოგი ჭიჭინაძე.

მისი თქმით, მას შესაძლებლად მიაჩნია თანაცხოვრება იმ ადამიანთან, რომელსაც განსხვავებული აზრი აქვს, მაგრამ დამნაშავესთან არანაირი კოაბიტაცია არ უნდა.
“”ნაციონალები” რაღაცებს რომ როშავენ, მიპასუხონ, რისი გაკეთება ვერ მოახერხა რუსეთმა ამ 9 წლის განმავლობაში? მათი პოლიტიკა რომ სწორი არ იყო, ფაქტია. გადავხედოთ, რა მივიღეთ აქედან: აბსოლუტურად დაბლოკილი ვართ და ვინ გვიშველა? დასავლეთისგან სესხად აღებული მილიარდებით გზა რომ ამიშენეს და ეს ფული ჩემი შვილიშვილების გადასახდელი იქნება, ამის მადლიერი უნდა ვიყო?

ცუდად ვხდები, ვიღაცები რუსეთს რომ ლოკავენ. ნოვოსიბირსკელი რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ჩემი მტერი რომ არ არის, ვიცი, მაგრამ რუსეთს წარმოადგენს მისი ხელისუფლება და პუტინი, რომელიც მსოფლიოს არ უყვარს და ჩვენ რატომ უნდა გვიყვარდეს? მაგრამ როდესაც ასეთი ბუმბერაზი ქვეყანა შენ გვერდითაა, ლავირებაა საჭირო. რუსეთთან დაბრუნება ჩემთვის წარმოუდგენელია. იმავე დღეს დავტოვებ ჩემს ქვეყანას, თუკი საქართველო რუსეთის ორბიტაში მოექცევა. ვიღაც იკითხავს, აბა, ამერიკის სატელიტობა გირჩევნიაო? დიახ, მირჩევნია, რომ საქართველო აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორი იყოს, ვიდრე რუსეთის სატელიტი. რუსეთი ეკონომიკურად და ზნეობრივად ჩამორჩენილი ქვეყანაა, რომელსაც ადამიანურ ენაზე არც ერთ ქვეყანასთან არ შეუძლია ურთიერთობა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, 5 წლის მერე, პირველად მივდივარ რუსეთში კონცერტის სადირიჟოროდ”,- აცხადებს ჭიჭინაძე.

მისივე თქმით, იგი მიწვეულია კისლოვოდსკში, სადაც რახმანინოვისადმი მიძღვნილი საზაფხულო ფესტივალი ტარდება და მიაჩნია, რომ ქართველი დირიჟორი რომ უზარმაზარ ფესტივალზე უხელმძღვანელებს რუსულ ორკესტრს, არ არის ჩვეულებრივი რამ.

“ჩემი პოზიცია რუსების პოლიტიკაზე ჯერ კიდევ 2001 წელს გამოვხატე, როდესაც ტელეხიდის დროს პუტინის მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელ მარკოვს ბოდიშები ვახდევინე. მე რუსი ხალხი არ მეზიზღება, მაგრამ მათ ხელისუფლება არ აძლევს ჩვენთან ურთიერთობის საშუალებას. თუ მოღალატეს დამიძახებენ, ვიკითხავ, ვის მიჰყიდეს “თელასი” და გაზი? რატომ არის ქართული ბაზარი რუსული ნაწარმითა და პროდუქციით სავსე? თავი დაანებონ ტლიკინს და კომპეტენტურ ხალხს ხელს ნუ შეუშლიან, მათი ჩასვრილი გამოასწორონ”,- დასძინა მან.