მთავრობა სამარშუტო ტაქსების მძღოლებისთვის ფიქსირებული გადასახადის დაწესების წინააღმდეგია

მთავრობა სამარშუტო ტაქსების მძღოლებისთვის ფიქსირებული გადასახადის დაწესების წინააღმდეგია

სამარშუტო ტაქსების მძღოლებისთვის ფიქსირებული გადასახადის დაწესებას პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტები მხარს უჭერენ , მთავრობა კი წინააღმდეგია.

პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით, ჯერ კიდევ იანვარში, თბილისის მერიის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ინიციატივა განიხილა, რომლის თანახმად, მიკროავტობუსების მძღოლების საქმიანობა ფიქსირებული გადასახადით დაიბეგრება, ხოლო გადასახდელი თანხის მაქსიმალური ზღვარი ყოველთვიურად არა უმეტეს 10 ლარის ოდენობით განისაზღვრება.

როგორც სესიაზე საკითხის წარდგენისას დეპუტატმა მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა, ცვლილებების მომზადება ზამთარში მიკროავტობუსების მძღოლების გაფიცვამ განაპირობა, რომელთა ერთ-ერთი მოთხოვნა ფიქსირებული გადასახადის შემოღებას უკავშირდებოდა. მაჭავარინის თქმით, კანონპროექტის მიზანია, ფიქსირებული გადასახდის შემოღებით მძღოლებს გადახდის სისტემა გაუმარტივდეთ, რადგან სადღეისოდ ბუღალტრის დაქირავება, ხარჯების შესახებ დოკუმენტაციის წარმოება და სხვა რთული საგადასახადო პროცედურის გავლა უწევთ. მან მმართველ გუნდს ისიც შეახსენა, რომ ფიქსირებული გადასახადები უკვე მოქმედებს საცხობებზე, საპარიკმახეროებზე და სხვა მსგავს ობიექტებზე.

"წარმოდგენილი ინიციატივის პრინციპს მხარს უჭერენ საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტები, მაგრამ ჩემდა გასაოცრად, ფინანსთა სამინისტრომ უარყოფითი პასუხი მოგვწერა. ეს არ არის პარტიული კანონპროექტი, ეს არ არის მხარის კანონპროექტი, ეს არის პროექტი, რომელიც მძღოლებს სჭირდებათ", - განაცხადა მაჭავარიანმა პლენარულ სხდომაზე და კოლეგებს შესთავაზა, ინიციატივისთვის პრინციპის დონეზე მხარი დაეჭირათ და შემდგომში გაგრძელებულიყო მსჯელობა ფიქსირებული გადასახადის ოდენობა იქნებოდა 10 ლარი, თუ უფრო მეტი.

სამარშუტო ტაქსების მძღოლებისთვის გადასახის გამარტივებისა და მათთვის ფიქსირებული სისტემის შემოღების ინიციატივისადმი მხარდაჭერა დააფიქსირეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტების თავმჯდომარეებმა, თუმცა მათი მხრიდან ცალსახად აღინიშნა, რომ გადასახადის ოდენობის კორექტირება საჭირო გახდებოდა.
საკითხისადმი უარყოფითი პოზიცია დააფიქსირა მთავრობამ, რომელიც მიიჩნევს, რომ პარლამენტმა კანონპროექტი არ უნდა მიიღოს.

"აღნიშნულმა ცვლილებამ შესაძლებელია არაჯანსაღი კონკურენცია გამოიწვიოს. სამარშუტო ტაქსებს სხვადასხვა სამარშუტო მიმართულებით უწევთ მუშაობა. აქ მგზავრთა ნაკადიც გასათვალისწინებელია. შეიძლება გარკვეული პირები უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, ანუ მათ მეტი შემოსავალი ჰქონდეთ და ეს გადასახადი მათთვის უკეთესი იყოს, ხოლო ვისაც შემოსავალი ნაკლები აქვს, მათზე მძიმედ აისახოს. კიდევ ერთი არგუმენტი არის ის, რომ წარმოდგენილი არ არის პროექტის საფინანსო გაანგარიშება", - განაცხადა სხდომაზე მთავრობის წარმომადგენელმა ვახტანგ ცეცხლაძემ.