პრეზიდენტი განათლების შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს

პრეზიდენტი განათლების შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს

საქართველოს პრეზიდენტი უმაღლესი განათლების შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს "პოსტსაბჭოთა კორუმპირებული სისტემის რესტავრაციად" აფასებს და პარლამენტს მოუწოდებს, ამ საკითხს სიფაქიზით მოეკიდოს. 

როგორც მიხეილ სააკაშვილმა პროფესორ-მასწავლებლებთან შეხვედრისას განაცხადა, კანონპროექტით ფუნდამენტურად გადაიხედება სახელმწიფო უნივერსიტეტების ავტონომია, სახელმწიფო უნივერსიტეტებში კადრების მიღებისა და შერჩევის წესი.

"წინა წლებში არსებული სისტემა, რა თქმა უნდა, არ იყო სრულყოფილი და მას ჰქონდა ბევრი ხარვეზი, მაგრამ ამ სისტემის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი საკანონმდებლო დონეზე და პრაქტიკაში იყო უნივერსიტეტების დამოუკიდებლობა, თავისუფალი კონკურენცია, უნივერსიტეტებში ხარისხის გაზრდა, ახალი სტანდარტების შექმნა საერთაშორისო ცოდნის ბაზარზე ქართველი სტუდენტების კონკურენტუნარიანობისთვის. თუ ჩვენ იმ სახით მივიღებთ ცვლილებებს, რომლითაც არის, საქართველო დაბრუნდება 10-15-20 წლით უკან, 90-იან წლებში. ეს არის საბჭოთა და პოსტსაბჭოთა კორუმპირებული სისტემის რესტავრაცია XXI საუკუნის რეალობაში", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, პროფესორების ოჯახიდან არის და იცის, რომ ძველ სისტემაშიც ბევრი წესიერი პროფესორი არსებობდა თუმცა, ყველა უმაღლეს სასაწავლებელში იყო კორუფცია, ყველგან მოსაწყობად ქრთამი იყო გადასახდელი.

"90-იან წლებში იურიდიულ ფაკულტეტზე მოწყობა ღირდა 15 ათასი დოლარი, მედინსტიტუტში მოწყობა – 13 ათასი დოლარი, სხვა უნივერსიტეტებში 7, 8, 9 ათასი დოლარი. კურსიდან კურსზე გადასასვლელად გადასახდელი იყო ფული, ჩათვლების მისაღებად ჩათვლის წიგნაკში ჩასადები იყო ფული. სინამდვილეში არაფერი იყო ისეთი ფასიანი, როგორც ე.წ უფასო განათლება, რომელიც გვქონდა საქართველოში. ამ სისტემიდან დავიძვრინეთ თავი, წავედით სიახლისკენ. დღეს კი არის რევანშის მცდელობა იმ კადრების მიერ, რომლებიც ფულს აკეთებდნენ ქრთამის აღებით, ჩაწყობით, ნეპოტიზმით. მათ სურთ, დაბრუნდნენ უკან და მთლიანად აიღონ ხელში საგანმანათლებლო სისტემა, ისევე, როგორც პროკურატურაში და პოლიციაში დიდი რაოდენობით ბრუნდებიან და მთავარ საქმეებს უძღვებიან ის პროკურორები, რომლებიც შევარდნაძის ეპოქაში გამოჩენილი იყვნენ ქრთამის აღებით. ასეთი ხალხი დაბრუნდა გამგეობებშიც, ისინი ცდილობენ, დაბრუნდნენ მთავრობაში და განდევნონ ის წესიერი კადრები, რომლებიც სახელმწიფო აპარატში არსებობენ. ახლა დადგა განათლების რიგი და სამწუხაროდ, განათლებაში ამას ექნება ყველაზე გრძელვადიანი და ყველაზე დამანგრეველი შედეგი", - განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტის შეფასებით, არსებობენ ლობისტური ჯგუფები, რომლებსაც საგანმანათლებლო სისტემა "ფულის კეთების საამქროდ" მიაჩნიათ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში მათი დაბრუნება დაუშვებელია.

"ბათუმის უნივერსიტეტი, რომელიც გავხსენით, მოიხურა და მის მაგივრად იქ შედის გაურკვეველი დაწესებულება ბათუმის მერიის სახით. ამ უნივერსიტეტში საწყისი კაპიტალი იყო 200 მილიონ დოლარზე მეტი, ქართველების უმეტესობა იქ ისწავლიდა უფასოდ. "თავისუფალ უნივერსიტეტს" დროებით ჩამოერთვა ლიცენზია, შემდეგ აღუდგინეს, მაგრამ ეს საუბარი არ შეწყვეტილა და, სამწუხაროდ, მოველით დარტყმების ახალ ტალღას დამოუკიდებელ უნივერსიტეტებზე. ახლა უკვე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ხდება ძველი რეჟიმის რესტავრაცია. ეს არის ასობით ახალი კადრის გვერდზე გაწევის და ძველი კორუმპირებული ადამიანების დაბრუნების მცდელობა, რომელთაც არც კვალიფიკაცია აქვთ და არც მორალურ სტანდარტებს არ შეესაბამებიან. ეს ყველაფერი, ბათუმის უნივერსიტეტის მოხურვიდან, დამთავრებული ამ კანონპროექტით, არის დარტყმა ყველაზე წმინდათა წმინდაზე – ჩვენს ახალგაზრდა თაობაზე, რაზეც საქართველო უნდა იდგეს. მინდა მოვუწოდო საქართველოს პარლამენტს, დიდი სიფაქიზით შეხედოს ამ საკითხს. ვიცი, რომ არიან ლობისტური ჯგუფები, რომლებსაც ერთი სული აქვთ, როდის შევლენ უკან საგანმანათლებლო სისტემაში, როდის დაეპატრონებიან მას და როდის გადააქცევენ ფულის კეთების საამქროებად. ამას გადაყვება საქართველოს ახალგაზრდა თაობის განათლება, საქართველოს მომავალი და ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, საქართველოს სჭირდება მაღალანაზღაურებადი პროფესორ-მასწავლებლები, კერძო სასწავლებლებში კი სწავლის გადასახადი უნდა შემცირდეს და სადაც შესაძლებელია, უფასო იყოს.