არასამთავრობოები პარლამენტის მოუწოდებენ, იუსტიციის საბჭოს წევრებად პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალ კანდიდატებს დაუჭირონ მხარი

არასამთავრობოები პარლამენტის მოუწოდებენ, იუსტიციის საბჭოს წევრებად პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალ კანდიდატებს დაუჭირონ მხარი

"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" და "კონსტიტუციის 42 მუხლი" პარლამენტის წევრებს მოუწოდებენ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობაზე პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალ კანდიდატებს დაუჭირონ მხარი.

ამის შესახებ აღნიშნული ორგანიზაციების განცხადებაშია ნათქვამი. ამასთან, მათივე აზრით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და სადისციპლინო კოლეგიის წევრობის კანდიდატებს კენჭისყრამდე სიტყვით გამოსვლის საშუალება უნდა მისცემოდათ.

"საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანულ კანონში ბოლოს განხორციელებული ცვლილებების შედეგად, დეპუტატები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობისთვის ექვს წევრს აირჩევენ იმ კანდიდატებიდან, რომელთაც იურიდიული პროფილის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციები, აკადემიური წრეები და ადვოკატები წარადგენენ. აღნიშნული არჩევის წესი ცალსახად პროგრესულია, თუმცა, ვფიქრობთ, რომ, პროცესის მიმართ განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტს კანდიდატებისთვის საჯაროდ გამოსვლის საშუალება უნდა მიეცა. პარლამენტის დღევანდელი პლენარული სხდომის დღის წესრიგი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების სიტყვით გამოსვლას არ ითვალისწინებს. მიგვაჩნია, რომ კანდიდატების გამოსვლა და მათთვის შეკითხვების დასმის შესაძლებლობა დაეხმარება დეპუტატებს გადაწყვეტილების მიღებაში და პროცესს საჯაროს და გამჭვირვალეს გახდიდა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგანაც აღნიშნული კანდიდატები საზოგადოების მიერ არიან ნომინირებული და საზოგადოებას საშუალება უნდა ჰქონდეს, დააკვირდეს პარლამენტის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესს და ზუსტად იცოდეს, რატომ მიანიჭა საკანონმდებლო ორგანომ კონკრეტულ კანდიდატს უპირატესობა.
ასევე მნიშვნელოვანია, მოხდეს პროცესის მაქსიმალურად დეპოლიტიზაცია. მოვუწოდებთ პარლამენტის წევრებს, მხარი დაუჭირონ პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალ კანდიდატებს, რომელთაც შესაბამისი გამოცდილება და პრინციპები ექნებათ სასამართლო სისტემის მართვის ხედვებთან დაკავშირებით", - ნათქვამია
"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა" და "კონსტიტუციის 42 მუხლის" განცხადებაში.

ამასთან, ისინი გამოთქვამენ იმედს, რომ საქართველოს პარლამენტი თავის არჩევანს ღირსეულ წევრებზე შეაჩერებს, რომლებიც მხარს დაუჭერენ სასამართლო სისტემის რეფორმირებისა და მისი დამოუკიდებლობის გამტკიცების პროცესს.

"იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრობის კანდიდატებად საზოგადოების დიდი ნაწილისთვის კარგად ცნობილი პროფესიონალები, დავით კერესელიძე, კახა წიქარიშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი და გიორგი გიორგაძე წარადგინეს, რომლებიც სწორედ საკუთარი პრინციპული ხედვითა და მაღალი კომპეტენციით გამოირჩევიან", - აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს პარლამენტი დღეს პლენარულ სხდომაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებს დაამტკიცების საკითხს განიხილავს. ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში პირველად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოში სამოქალაქო საზოგადოების წევრები იქნებიან წარმოდგენილი.