"ეკონომიკური სარგებლის, ღვინის, მანდარინების და მწვანილის ფასად, აფხაზეთს და სამაჩაბლოს არ დავთმობთ"

თბილისის მერის გიგი უგულავას განცხადებით, "ეკონომიკური სარგებლის, ღვინის, მანდარინების და მწვანილის ფასად, აფხაზეთს და სამაჩაბლოს არ დავთმობთ".

ამის შესახებ უგულავამ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების კომენტირებისას განაცხადა.

"აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საკითხის განხილვის გარეშე, მისი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გარეშე რუსეთთან ურთიერთობის აღდგენაში რა იგულისხმება ამას სამწუხაროდ, არც საქართველოს მთავრობა აკონკრეტებს და არც რუსეთის მთავრობა. თვითმფრინავი აქამდეც დაფრინავდა, ადამიანებს წასვლის შესაძლებლობა აქამდეც ჰქონდათ, თუ ურთიერთობის აღდგენაში გულისხმობთ ციტრუსების, მანდარინების, ღვინის შეტანას და მხოლოდ ეს არის, მე არ მგონია, რომელიმე ჭკუათმყოფელ ადამიანს ეს აფხაზეთის დაკარგვის საფასურად მიაჩნდეს. აქამდე ერთი ნიშანდობლივი რამ იყო, მთავრობა საუბრობდა ურთიერთობის აღდგენაზე რუსეთთან, მაგრამ არასდროს ამბობდა რა არის ამის საფასური. დღეს რუსეთმა გადადგა ნაბიჯი და თქვა, "ჩვენ გვინდა საქართველოსთან ურთიერთობა, მაგრამ საფასური ამისი იქნება, რომ თქვენ დათმოთ აფხაზეთი და სამრეთ ოსეთი". მე ვთვლი, რომ ეს ის საფასურია, რომელსაც ქართველი ხალხი არასოდეს გადაიხდის. ეს არის ხარკი და ხარკს არასდროს არ გადავიხდით. დღეს აფხაზეთი და სამაჩაბლო არის წართმეული და ოკუპირებული და ასეთად დარჩება, ვიდრე არ გათავისუფლდება. ვიდრე ეს პრობლემები არ მოგვარდება, რუსეთთან ურთიერთობების მოწესრიგება შეუძლებელი იქნება. ან უნდა დავთმოთ, ან ბოლომდე უნდა შევინარჩუნოთ, მე ვარ მომხრე და დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მეთანხმება, რომ თუნდაც ეკონომიკური სარგებლის ფასად, თუნდაც ღვინის, მანდარინების და მწვანილის ფასად აფხაზეთს და სამაჩაბლოს არ დავთმობთ", - განაცხადა უგულავამ.