თურქეთის ელჩი:   თურქეთი მზად არის საერთო კულტურის ძეგლების აღდგენაზე ქართულ მხარესთან ითანამშრომლოს

თურქეთის ელჩი: თურქეთი მზად არის საერთო კულტურის ძეგლების აღდგენაზე ქართულ მხარესთან ითანამშრომლოს

კეთილი ნების საფუძველზე, თურქეთის მხარე მზად არის საერთო კულტურის ძეგლების აღდგენაზე ქართულ მხარესთან ითანამშრომლოს, - ამის შესახებ კულტურის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე თურქეთის ელჩმა საქართველოში მურათ ბურჰანმა განაცხადა.

პრესკონფერენციაზე საუბარი შეეხო ისტორიულ ტაო-კლარჯეთში იშხანზე მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოებს.

მედიის წარმომადგენლებმა თურქეთის ელჩს სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" გავრცელებული ფოტო აჩვენეს, სადაც იშხნის ერთ-ერთ კედელზე მიმდინარე კედლის მოპირკეთების სამუშაოებია ასახული. თურქეთის ელჩს განემარტა, რომ სამუშაოები ძეგლთა დაცვის მეთოდოლოგიის დარღვევით მიმდინარეობს. თურქეთის ელჩმა აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის უწყებებს შორის საერთო კულტურის ძეგლების აღდგენასთან დაკავშირებთ იურიდიული საფუძველი არ არსებობს, ყოველივე ორი მხარის კეთილი ნების საფუძველზე ხორციელდება.

მურათ ბურჰანი მიიჩნევს, რომ ისტორიულად ქართული კულტურის ძეგლები თურქეთში, მათი კულტურის საკუთრებაცაა და თუ როგორ აღდგება ისინი დიდი მნიშვნელობა აქვს. თურქეთის ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ მისთვის რესტავრაციის ტექნიკური დეტალები უცნობია, თუმცა განაცხადა, რომ ხელშეკრულების გაფორმებამდე თუ ქართული მხარე საჭიროდ ჩათვლის, თურქული მხარე ნებისმიერი თანამშრომლობისათვის მზად არის.

პრესკონფერენციაზე თურქეთის ელჩი რაბათის რესტავრაციის საკითხსაც შეეხო. მისი განცხადებით, თურქმა სპეციალისტებმა რაბათის კომპლექსი 2012 წელს ორჯერ ინახულეს, მათი შენიშვნები ქართულ მხარეს გადაეცა, თუმცა რეაგირება არ მოჰყოლია.

საქართველოსა და თურქეთში საერთო კულტურის ძეგლების რესტავრაციის პროექტს პრეზიდენტი ხელს არ აწერს. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ პროექტი რაბათზე ცვლილებების განხორციელებას ითვალისწინებს, რომელიც არა თურქული მხარის, არამედ საქართველოს კულტურის სამინისტროს ინიციატივაა.

თურქეთში ქართველი სპეციალისტები იშხნის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე მხოლოდ ორ ქვეყანას შორის ჩარჩო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ დაიშვებიან. თურქეთის მხარე რაბათში არსებულ მეჩეთის გუმბათის ოქროსფერის, ასევე ცხაურების და აბანოს კომპლექსის რეაბილიტაციას ითხოვს.