ზურაბ აბაშიძე:   ჩვენ მზად ვართ, გადავდგათ შემდგომი ნაბიჯები ორი ქვეყნის ურთიერთობების გაჯანსაღებისთვის

ზურაბ აბაშიძე: ჩვენ მზად ვართ, გადავდგათ შემდგომი ნაბიჯები ორი ქვეყნის ურთიერთობების გაჯანსაღებისთვის

ბატონი პუტინი რეალურად აფასებს იმ გარემოებას, რომ საქართველო ვერასდროს იტყვის უარს თავისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე, რაც მისასალმებელია , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ, ვლადიმერ პუტინის განცხადების კომენტირებისას განუცხადა. 

როგორც ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, განცხადებაში არის საინტერესო მოსაზრებები და შეფასებები საქართველო-რუსეთის განახლებულ დიალოგთან დაკავშირებით.

"ჩვენ ყურადღებით გავეცანით რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გუშინდელ განცხადებას. მასში არის საინტერესო მოსაზრებები და შეფასებები საქართველო-რუსეთის განახლებულ დიალოგთან დაკავშირებით, რომელიც უკვე იძლევა გარკვეულ პოზიტიურ შედეგებს – კერძოდ, სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო, ჰუმანიტარულ-კულტურული ურთიერთობების აღდგენის კუთხით. საქართველოს მხარე ადასტურებს თავის გადაწყვეტილებას სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობის თაობაზე და გამოთქვამს მზადყოფნას, ითანამშრომლოს რუსეთთან ოლიმპიადის ჩატარებასთან დაკავშირებულ უსაფრთხოების საკითხებში. მისასალმებელია, რომ ბატონი პუტინი რეალურად აფასებს იმ გარემოებას, რომ საქართველო ვერასდროს იტყვის უარს თავისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე, რაც მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა მოხდეს. ამასთანავე, რუსეთის მხრიდან უახლესი ისტორიის რიგ ინტერპრეტაციას ჩვენ ვერ გავიზიარებთ, თუმცა რეალობაა, რომ საქართველოსა და რუსეთს მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობები აკავშირებთ და ჩვენს ხალხებს შორის კეთილგანწყობილი ურთიერთდამოკიდებულებაა. ჩვენ მზად ვართ, გადავდგათ შემდგომი ნაბიჯები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაჯანსაღების მიზნით. ასევე მოველით, რომ რუსეთის მხარე მიიღებს ქმედით ზომებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან ადმინისტრაციულ საზღვარზე შექმნილი მწვავე პრობლემების მოსაგვარებლად, რაც დიდ სირთულეებს უქმნის მოსახლეობას გამყოფი ხაზის ორივე მხარეს და ხელს არ უწყობს ქართულ-რუსულ დიალოგს", - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე ღუსსია თოდაყ-სთან ისაუბრა. როგორც ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რუსეთს საქართველოსთან ურთიერთობის სრულად აღდგენა სურს, თუმცა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების უკან წაღებას არ აპირებს. ვლადიმერ პუტინი რუსეთმა ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე შესვლასაც მნიშვნელოვან მოვლენად აფასებს და აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებით მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება.