ანაზღაურებადი შვებულება შესაძლოა წელიწადში 10 დღით განისაზღვროს

ანაზღაურებადი შვებულება შესაძლოა წელიწადში 10 დღით განისაზღვროს

ჯანდაცვის კომიტეტმა შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. დეპუტატებმა ასევე მეორე მოსმენით დასამტკიცებელ 9 პუნქტზეც იმსჯელეს. როგორც ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, განხილული იქნა ყველა სადაო საკითხი.

„შევთანხმდით შრომის კოდექსთან დაკავშირებით. კომიტეტმა განიხილა დარჩენილი 9 მუხლი, რომელიც სესიაზე მეორე მოსმენის რეჟიმში გავა. ასევე განვიხილეთ და მოვამზადეთ კანონმდებლობა მესამე მოსმენისთვის. ყველა სადაო საკითხი დაწყებული კოლექტიური ხელშეკრულებებიდან ასევე ზეგანაკვეთური, ასევე წინასწარი გაფრთხილების წესთან დაკავშირებით, ყველა საკითხზე არის მიღწეული შეთანხმება“,-განაცხადა ხუნდაძემ

დეპუტატ კახა ოქრიაშვილის განცხადებით, შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებზე მსჯელობისას მიმდინარეობდა ვაჭრობა და ბრძოლა თითოეულ პუნქტზე.

„გაიმართა სერიოზული ბრძოლები თითოეულ პუნქტზე, ვაჭრობა. არ მეგონა თუ ამდენი ვაჭრობა შეეძლოთ პოლიტიკოსებს,“ - განაცხადა ოქრიაშვილმა.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე მიღწეული შეთანხმების გათვალისწინებით, დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლიობა კვირაში 40 საათს არ უნდა აღემატებოდეს. თუმცა, ამ შემთხვევაში განსხვავებული რეჟიმი შემოდის ე.წ. სპეციფიურ საწარმოებში მომუშავეთათვის და მათთვის შრომითი პროცესი კვირაში 48 საათით განისაზღვრება. ასევე ანაზღაურებადი შვებულების პერიოდი შემცირდა და ის ნაცვლად წელიწადში 15 დღისა, როგორც ამას პროექტის თავდაპირველი ვარიანტი ითვალისწინებდა, 10 კალენდარული დღით იქნება განსაზღვრული.

ცვლილებების თანახმადვე, დამსაქმებელ შეუძლია არა ნაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დასაქმებული გათავისუფლების თაობაზე. თუმცა, ასეთ შემთხვევაში, დასაქმებულს მინიმუმ 2 თვის კომპენსაცია უნდა მიეცეს. პროფკავშირების ლიდერმა ირაკლი პეტრიაშვილმა ამ ცვლილებების შემდეგ განაცხადა, რომ დასაქმებულებისთვის მდგომარეობა კიდევ უფრო უარესდება.