ნუგზარ წიკლაური პრემიერ-მინისტრს მიმართავს

ნუგზარ წიკლაური პრემიერ-მინისტრს მიმართავს

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური პრემიერ-მინისტრს მიმართავს. სესიაზე სიტყვით გამოსვლისას წიკლაურმა ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე და ამასთან დაკავშირებით პრემიერის პოზიციები და განცხადებები გააკრიტიკა. 

მისივე თქმით, საზოგადოებაში გაჩნდა კითხვები, რომ საერთოდ შეუძლია თუ არა ხელისუფლებას გააცნობიეროს ქვეყნის წინაშე მდგარი რეალური საფრთხეები და ჩამოაყალიბოს ეროვნული ინტერესების დაცვის პოლიტიკა, როგორც საგარეო პოლიტიკის კუთხით, ისე საშინაო პრობლემატიკის გადაწყვეტის თვალთაზრისით.

როგორც წიკლაურმა აღნიშნა, მთავრობა და პრემიერი პასუხს ვერ იძლევა, თუ რას აძლევს საქართველოს სოჭოს ოლიმპიადაში მონაწილეობა, გარდა ოკუპაციის ლეგიტიმაციისა.
მისივე თქმით, იზრდება იზოლაცია საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან.

ამასტან, როგორც დეპუტატმა აღნიშნა, შინაგან საქმეთა მინისტრისა და მისი სიმამრის მხრიდან პოლიციელების დევნა მიმდინარეობს.

"რამდენად ზნეობრივია პრემიერის მხრიდან უშიშროების საბჭოს ბოიკოტი იმ მოტივით, რომ ქართველი ჯარისკაცების სიკვდილი ავღანეთში არის ნაკლებ მნიშვნელოვანი და უინტერესო. კოლეგებო, ნუთუ არავინ დაფიქრებულა თქვენგან, რომ სწორედ ამ საკითხების გამო იკარგება ინტერესი საქართველოს მიმართ. იქნებ ამიტომაც მცირდება ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციები, იქნება ამიტომ იზრდება უმუშევრობა ქვეყანაში, ამ არადემოკრატიული, უპასუხისმგებლო ნაბიჯების გამო. მინდა მივმართო პრემიერ ივანიშვილს, ბატონო პრემიერო, ამას ჰპირდებოდით თქვენ არჩევნების წინ ქართველ ხალხს, ეს იყო თქვენი "ქართული ოცნება"?", - აღნიშნა წიკლაურმა.