"ნაციონალური მოძრაობა" საპრეზიდენტო კანდიდატს დიდი ალბათობით, პრაიმერის მეშვეობით შეარჩევს

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" საპრეზიდენტო კანდიდატს დიდი ალბათობით, პრაიმერის მეშვეობით შეარჩევს.

ამის შესახებ ბაქრაძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "პოზიციაში" განაცხადა.

"პირველი ეთერია, სადაც შემიძლია, გავაჟღერო, რომ დიდი ალბათობით, პარტიულ პრაიმერისს მაინც ჩავატარებთ, რომ ვაჩვენოთ საზოგადოებასაც და ყველას, რომ გენერალური მდივნის დაკავება არ არის პარტიის დასასრული. უფრო სასარგებლოა ჩემი მუშაობა, როგორც უმცირესობის ლიდერის, მაგრამ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი თანაგუნდელების პოზიცია და საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ თანაგუნდელებთან ერთად. ვფიქრობ, რომ ამ თვის ბოლოდან უკვე დავიწყებთ პრაიმერის მომზადების პროცესს და გადაწყვეტილება იქნება საზოგადოებისთვის ღიად და გამჭვირვალედ მიღებული", - განაცხადა ბაქრაძემ.