"რა ვალდებულება აქვს აღებული სააკაშვილს, რომლის გამოც საუკეთესო ვაჟკაცები ავღანეთში იხოცებიან?"

"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერს ნინო ბურჯანაძეს აინტერესებს, "რა ვალდებულება აქვს აღებული მიხეილ სააკაშვილს, რომლის გამოც საქართველოს საუკეთესო ვაჟკაცები ავღანეთში იხოცებიან".

ამის შესახებ ბურჯანაძემ საგანგებო განცხადება გააკეთა, რომლითაც გუშინ, ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების დაღუპვას გამოეხმაურა.

"დღეს თითოეული ჩვენგანი დიდი გამოწვევის წინაშე დავდექით. "დემოკრატიული მოძრაობა" ყოველთვის ემხრობოდა საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობას, თუმცა ჩვენ არაერთგზის აღვნიშნეთ ის, რომ აუცილებელია, საქართველოს როლი ტერორიზმთან ბრძოლაში და ის რაოდენობა, რომლებიც ჩართულნი არიან ამ ბრძოლაში, იყოს ადეკვატური საქართველოს როლისა და ადგილისა თანამედროვე მსოფლიოში. მინდა, ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ სწორედ საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე მიუღებლად მიმაჩნია ის, რომ საქართველოს სამხედრო კონტინგენტი ლამის ყველაზე დიდია ნატო-ს წევრ სახელმწიფოთა შორისაც კი. პროცენტული რაოდენობით საქართველოს სამხედრო კონტინგენტი ჩამოუვარდება მხოლოდ აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის კონტინგენტს და შესაბამისად, მსხვერლიც პროცენტულად (თუ შეიძლება, საერთოდ, მსხვერპლის პროცენტულად განსაზღვრა) არის ყველაზე დიდი ამ ქვეყნების დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შემდეგ. მაშინ, როდესაც 2012 წელს, საფრანგეთმა რვა ჯარისკაცის გარდაცვალებისთანავე განაცხადა, რომ გამოყავს ჯარები ავღანეთიდან, როცა დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ყველა სხვა სახელმწიფო, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, ნატო-ს წევრი სახელმწიფოები ყოველდღიურად ამცირებენ კონტინგენტს და მინიმუმამდე დაჰყავთ, ისმის კითხვა: რა ვალდებულება აქვს აღებული საქართველოს ხელისუფლებას - მიხეილ სააკაშვილს და რის ფასად, რომლის გამოც საქართველოს საუკეთესო ვაჟკაცები პრაქტიკულად, ყოველდღიურად იხოცებიან ავღანეთში, მით უფრო მაშინ, როდესაც საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია? რა ვალდებულებების ფასად აგრძელებს იმავე გადაწყვეტილების მხარდაჭერას დღევანდელი ხელისუფლება?", - განაცხადა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული განცხადების გაკეთების გადაწყვეტილება "დემოკრატიულმა მოძრაობამ" დიდი ფიქრის შემდეგ მიიღო.

"დიახ, ჩვენ უნდა ვთქვათ რაც სათქმელი, იმიტომ, რომ კიდევ არ დაემატოს მსხვერპლი", - განაცხადა ბურჯანაძემ და დაღუპული სამხედროების ოჯახებს და სრულიად საქართველოს მიუსამძიმრა.