თომას ჰამერბერგი:   უნდა დარჩეს შესაძლებლობა, რომ პირებს, ვინც არაკანონიერი ჩანაწერები გააკეთა, ბრალდება წარედგინოთ

თომას ჰამერბერგი: უნდა დარჩეს შესაძლებლობა, რომ პირებს, ვინც არაკანონიერი ჩანაწერები გააკეთა, ბრალდება წარედგინოთ

უნდა დარჩეს შესაძლებლობა, რომ პირებს, ვინც არაკანონიერი ჩანაწერები გააკეთა, სისხლის სამართლის ბრალდება წარედგინოთ, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში მთავრობის მრჩეველმა თომას ჰამერბერგმა შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართული კონსულტაციების შემდეგ განაცხადა, რომელზეც გადაწყდა, რომ არაკანონიერი ფარული ჩანაწერები განადგურდება. 

მთავრობის მრჩევლის განცხადებით, მთავარი პრინციპი უნდა იყოს ის, რომ ასეთი ჩანაწერების გაკეთება კრიმინალია. "ძალიან მნიშვნელოვანია დისკუსია იმასთან დაკავშირებით, როგორ გაუმკლავდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ უკანონო ფარულ ვიდეოჩანაწერებს. მივესალმები შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მინისტრის გადაწყვეტილებას, რომ მან გამართა ეს შეხვედრა და კონსულტაციებს გადის ექსპერტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. მთავარი პრინციპი უნდა იყოს ის, რომ ასეთი ჩანაწერების გაკეთება კრიმინალია. კრიმინალია მათი შენახვა, სხვებისთვის გადაცემა, გავრცელება და დასაშანტაჟებლად გამოყენება. ეს უნდა დაკანონდეს, რათა მომავალში თავიდან იქნას აცილებული მსგავსი შემთხვევები", - აღნიშნა ჰამერბერგმა.

მისივე თქმით, უნდა მოინახოს გზა, თუ როგორ განადგურდეს ყველა ეს მასალა, მაგრამ ამავე დროს უნდა დარჩეს შესაძლებლობა, წაეყენოს სისხლის სამართლის ბრალდება იმ პირებს, ვინც ეს არაკანონიერი ჩანაწერები გააკეთა.

"მნიშვნელოვანია, დაცული იყოს იმ პირთა ხელშეუხებლობა, რომელთა შესახებაც უკანონო ჩანაწერები განხორციელდა. დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებასთან ერთად ჩვენ მოვნახავთ ამ პრობლემის გადაჭრის გზებს. მთავრობა აპირებს შექმნას კომისია, რომელიც სანდო ადამიანებისგან, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდება და რომელიც შეისწავლის თუ რამდენად დასაშვებია ამა თუ იმ საქმეზე არსებული ფარული ჩანაწერების განადგურება. ვფიქრობ, კარგი იქნება ასეთი კომისიის შექმნა, თუმცა კომისიის წევრებმა არ უნდა ნახონ ეს ვიდეომასალები, რადგან იმ ადამიანებს, ვინც ფირზე არიან აღბეჭდილი, აქვთ უფლება, რომ მათი პირადი ცხოვრება დაცული იყოს. თუნდაც, ეს კომისიას ეხებოდეს", - განაცხადა თომას ჰამერბერგმა.