რუსეთსა და საქართველოში საელჩოების ქონებასთან დაკავშირებით პოზიტიური ტენდენციები შეინიშნება

რუსეთსა და საქართველოში საელჩოების ქონებასთან დაკავშირებით პოზიტიური ტენდენციები შეინიშნება

რუსეთსა და საქართველოში საელჩოების ქონებასთან დაკავშირებით პოზიტიური ტენდენციები შეინიშნება, - ამის შესახებ მთავრობის კანცელარიაში გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ განაცხადა.

ამით აბაშიძე გამოეხმაურა იმ ინფორმაციას, რომ საქართველოში რუსეთის საელჩოს შენობის რემონტი მიმდინარეობს. "არ მინდა დეტალებზე ვისაუბრო, მაგრამ ამ მიმართულებით გარკვეული პროგრესი გვაქვს. საუბარია ორივე მიმართულებაზე, როგორც საქართველოში რუსეთის საელჩოს, ასევე, რუსეთში საქართველოს საელჩოს ქონებაზე. არ მინდა რაღაც მოვლენებს წინ გავუსწროთ, თუმცა, აქაც არის საკმაოდ პოზიტიური ტენდენცია. ჩვენ გვაქვს იქ ჩვენი ქონება, რუსეთს აქვს აქ თავისი ქონება, ყოფილი საელჩოების შენობების სახით. იყო პრობლემები, თუმცა ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ იმაში, რომ პოზიტიური ტენდენცია ნამდვილად არის და ამის შემდეგ ვისაუბრებ დეტალებზე", - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.

რაც შეეხება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას, აბაშიძის განცხადებით, მისმა რუსმა კოლეგებმა კარგად იციან, რომ დღეს არსებულ რეალობაში დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე საუბარი არ შეიძლება, რადგან ეს იქნება ლეგალიზაცია იმ ვითარების, რომელიც დღეს არის შექმნილი.

"ამიტომ ჩვენ ამაზე არ ვსაუბრობთ, მაგრამ რაღაც ეტაპზე თუ ჩვენი ურთიერთობება ძალიან წინ წავა, მოხდება სერიოზული გარღვევები ჩვენს ურთიერთობებში, დადგება მართლაც სერიოზული ცვლილებები აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონებთან დაკავშირებით, შესაძლებელი იქნება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხის დაყენება, თუმცა, ეს შორეული პერსპექტივაა. ეს შეიძლება იყოს რაღაც პროცესის შედეგი და არა პროცესის დასაწყისი", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

მისივე თქმით, 2008 წლის აგვისტოს შემდეგ, განსაკუთრებით რუსეთის მიერ აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების შემდეგ, შექმნილია მძიმე რეალობა. "ჩვენ ვეძებთ გზებს, რომ გამოსავალი ვიპოვოთ ამ ჩიხიდან და ამ მოჯადოებული წრიდან", - დასძინა ზურაბ აბაშიძემ.