ზურაბ აბაშიძე:  ექვსი თვის განმავლობაში შედეგი გვაქვს ის, რომ ჩვენი პროდუქციისთვის რუსეთის ბაზარი გავხსენით

ზურაბ აბაშიძე: ექვსი თვის განმავლობაში შედეგი გვაქვს ის, რომ ჩვენი პროდუქციისთვის რუსეთის ბაზარი გავხსენით

ექვსი თვის განმავლობაში შედეგი გვაქვს ის, რომ რუსეთის ბაზარი გავხსენით ჩვენი პროდუქციისთვის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ 5 ივნისს, პრაღაში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან შეხვედრის შეფასებისას განაცხადა.

როგორც ზურაბ აბაშიძემ კანცელარიაში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, 6 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც აღნიშნული ფორმატი ამოქმედდა და პრაღაში გამართულ შეხვედრაზე მოხდა შეჯერება იმ საკითხების, თუ რა გაკეთდა 6 თვის განმავლობაში.

აბაშიძის განცხადებით, თავიდანვე იყო ამ ფორმატის სასაუბრო თემები განსაზღვრული და ეს არის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ჰუმანიტარული და კულტურული ურთიერთობები, მეცნიერება, ჯანდაცვა, სპორტი და სატრანსპორტო კავშირები.

რაც შეეხება ადმინისტრაციულ საზღვარზე შექმნილ ვითარებას, მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ამ პრობლემის განსახილველად ჟენევის ფორმატი და პრაღის შეხვედრამდე 2 დღით ადრე გრიგორი კარასინი ამბობდა, რომ ამ შეხვედრაზე ეს საკითხი არ განიხილებოდა, გაკეთდა გამონაკლისი და ამ თემას საუბარი შეეხო.

"ჩვენ შეხვედრის დაწყებისას გამოვხატეთ ჩვენი შეშფოთება გამყოფ ხაზზე მიმდინარე მოვლენებზე და აღვნიშნეთ, რომ ველით ქმედით ნაბიჯებს რუსეთისგან. კარასინმა თქვა, რომ მიიღებენ ზომებს ვითარების შესასწავლად, ხოლო ამ საკითხზე დეტალური საუბარი ჟენევაში იქნება", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

მისივე თქმით, მთავარი შედეგი არის ის, რომ 6 თვეში ფაქტობრივად აღდგა ქართული ექსპორტი რუსულ ბაზარზე და ივნისში დაიწყება ქართული ღვინის გაგზავნა რუსეთში. აბაშიძის განმარტებით, რამდენიმე ღვინის კომპანიამ შესაბამისი სააქციზო მარკა უკვე მიიღო და პროდუქციას რუსეთში მომავალ კვირას გააგზავნიან. მისივე განცხადებით, იყო პრობლემები ტრანსპორტირებაზე, ეს შეეხება რკინიგზით გადაზიდვას აზერბაიჯანის გავლით, თუმცა, ეს პრობლემაც მოხსნილია.

ამასთან, პირველი ივნისიდან ლარსის გამშვები პუნქტი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს, რაც დამატებით ხელს შეუწყობს პროდუქციის გადაადგილებას. "იყო საუბარი, რომ რა დროს ღვინოა, თუმცა უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ათობით მილიონ დოლარზე. ეს თანხა შეუვა ჩვენს კომპანიებს", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

მისივე თქმით, ილუზიებს არავინ ქმნის, რომ ყველა პრობლემა ერთბაშად მოგვარდება, მაგრამ "ის, რომ ჩიხური ვითარებიდან პირველი ნაბიჯი გადაიდგა, ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ სხვა პრობლემების მოგვარებასაც შევძლებთ". "ჩვენს ამ პრაგმატულ მიდგომას მხარს უჭერენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, ნატო და ევროკავშირი დადებითად აფასებენ დიალოგის დაწყებას", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

მისივე თქმით, კარასინთან შეხვედრაზე ითქვა ისიც, რომ რუსეთის მხარე ამარტივებს სავიზო რეჟიმს, რათა ბიზნესკონტაქტები უფრო ეფექტურად განხორციელდეს. აბაშიძის განმარტებით, ეს ჯერ არ შეეხება ტურისტულ ვიზებს და საუბრია ნათესაურ და პროფესიული კავშირების კუთხით ვიზების გაცემაზე. "ჩვენ შეხვედრაზე დავადასტურეთ, რომ სქართველოს ნაკრები აპირებს სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობას და ჩვენი ოლიმპიური კომიტეტი მუდმივ კავშირშია რუსეთის ოლიმპიურ კომიტეტთან", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. მისივე თქმით, მომდევნო შეხვედრა "პრაღაში გაიმართება, თუმცა ჯერჯერობით რიცხვი დაკონკრეტებული არ არის".