iCasualties.org - საქართველო კოალიციის ჯარების მსხვერპლის რაოდენობით მე-11 ადგილზეა

iCasualties.org - საქართველო კოალიციის ჯარების მსხვერპლის რაოდენობით მე-11 ადგილზეა

საქართველო, რომელიც ავღანეთში ISAF-ის მისიაში 2010 წლიდან მონაწილეობს, კოალიციის ჯარების მსხვერპლის რაოდენობით მე-11 ადგილზეა. ამ მონაცემებს დამოუკიდებელი ვებგვერდი iCasualties.org აქვეყნებს. 

ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2010 წელს ავღანეთში 5 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა, 2011 წელს – 6 სამხედრო, 2012 წელს – 8 ჯარისკაცი, 2013 წელს კი, დღევანდელი მონაცემებით, 10 ჯარისკაცია დაღუპული.

ავღანეთის მისიაში მონაწილე 50 ქვეყნიდან, ყველაზე მეტი ამერიკელი ჯარისკაცია დაღუპული – 2 235, გაერთიანებული სამეფო – 444, კანადა – 158, საფრანგეთი – 86, გერმანია – 54, იტალია – 47, დანია – 43, ავსტრალია – 39, პოლონეთი – 36, ესპანეთი – 34.

კოალიციის ძალებიდან ყველაზე მცირე მსხვერპლი – ერთი დაღუპული ჯარისკაცი ალბანეთზე, სამხრეთ კორეაზე, ბელგიასა და ლიტვაზე მოდის.

ამავე საიტის მონაცემებით, ყველაზე ხშირად თავდასხმები ჰელმანდის პროვინციაში ხორციელდება, სადაც 935 ჯარისკაცია დაღუპული, აფეთქებების შედეგად 534 სამხედროა დაღუპული ყანდაჰარის პროვინციაში.

ISAF-ის მისია ავღანეთში 2001 წლიდან ხორციელდება. iCasualties.org-ის მიხედვით, 2011 წლიდან მოყოლებული დღემდე ავღანეთში კოალიციის ძალებიდან 3 330 ჯარისკაცია დაღუპული.
დამოუკიდებელი ვებგვერდი iCasualties.org-ი 2003 წელს ამერიკელმა მაიკლ უაიტმა შექმნა. საიტი ერაყში MNF-ისა (მულტინაციონალური ძალები) და ავღანეთში ISAF-ის მისიაში დაღუპულთა სტატისტიკას აქვეყნებს.