ინფორმაციული უსაფრთხოების ექსპერტი თალიბანის სახელით გავრცელებული ვიდეოს შესწავლის ოთხ გზას ასახელებს

ინფორმაციული უსაფრთხოების ექსპერტი თალიბანის სახელით გავრცელებული ვიდეოს შესწავლის ოთხ გზას ასახელებს

ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი ხათუნა მშვიდობაძე თალიბანის სახელით გავრცელებული ვიდეოს - "ჯიჰადი ავღანეთში საქართველოს ჯარების წინააღმდეგ" შესწავლის ოთხ გზას ასახელებს.

როგორც მშვიდობაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, შესასწავლია, საიდან იყო ეს ვიდეო ატვირთული, ასევე, ვიდეოს ამტვირთველის აქტივობები ინტერნეტში, ამ ვიდეოს ხელწერა, თუ რამდენად გავს თალიბების სტილს და მეტამონაცემები.

"ტექნიკურად, სრულებითაც არ არის ძნელი გაიგო, თუ საიდან იყო ეს ვიდეო ატვირთული. შესასწავლია იმ იუზერის აქტივობები ინტერნეტში, ვის მიერაც იყო ატვირთული ვიდეომასალა. კიბერსივრცეში არსებობს ტერმინი "ციფრული ხელწერა" და მედიაექსპერტებსაც შეუძლიათ ამ ხელწერის შეცნობა, თუ რამდენად გავს ეს ვიდეო და სტილი თალიბების სტილს. შესასწავლია ამ ვიდეოს მეტამონაცემებიც. მეტამონაცემები, ანუ ინფორმაცია თარიღზე, დროზე და სხვა ამგვარზე ბევრ კითხვებს გასცემს პასუხს", - განაცხადა მშვიდობაძემ.

მისივე თქმით, ზოგადად, ინტერნეტსივრცე იქცა ინფორმაციული იარაღის გამოყენების ხელმისაწვდომ უკონტროლო სივრცედ, რომელსაც შეუძლია, გავლენა მოახდინოს მასებზე.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ვიდეომასალაში ტელეკომპანია პიკ-ის მასალა იყო გამოყენებული, როგორც მშვიდობაძე აცხადებს, ამ მიმართულებით დასადგენია ფიზიკური წვდომა.
"ეს ინფორმაცია გავრცელდა და შესასწავლია, ფიზიკური წვდომა ვის ჰქონდა ამ ინფორმაციაზე. შესაძლებელია გარედან წვდომაც. მე არ ვიცი, როგორ ხდება პიკ-ის მასალის არქივირება და რამდენად დაცულია მათი კომპიუტერები. ამას გამოძიებას დაადგენს", - აღნიშნა მშვიდობაძემ.

მისივე თქმით, მსგავსი ვიდეოების გაკეთება დღევანდელ ტექნოლოგიურ განვითარების ხანაში ადვილია.

Youtube-ზე გუშინ გავრცელდა ვიდეო სახელწოდებით - "ჯიჰადი ავღანეთში საქართველოს ჯარების წინააღმდეგ".

ვიდეო ISAF-ის მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ მუქარას შეიცავს და მასში ქართველი ჯარისკაცები არიან ნაჩვენები.
გავრცელებული მასალა Youtube-ზე 2 ივნისს დარეგისტრირებულ მომხმარებელ Hammad Zaman-ს ეკუთვნის.

ვრცელდება ვარაუდი, რომ ვიდეო საქართველოდან არის ატვირთული.