პაატა ზაქარეიშვილი - ჩვენი პოლიტიკის მკაფიო მიზანია, აფხაზ ხალხს გარანტირებული უსაფრთხოების განწყობა შევუქმნათ

პაატა ზაქარეიშვილი - ჩვენი პოლიტიკის მკაფიო მიზანია, აფხაზ ხალხს გარანტირებული უსაფრთხოების განწყობა შევუქმნათ

საქართველოს ახალი ხელისუფლების პოლიტიკის მკაფიო მიზანია, რომ აფხაზ ხალხს გარანტირებული უსაფრთხოების განწყობა შეუქმნას. ამის შესახებ რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, პაატა ზაქარეიშვილმა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ალექსანდრ ანქვაბის მოსაზრების კომენტირებისას განაცხადა.

"თუ ბატონი ალექსანდრ ანქვაბი ჯერ კიდევ ვერ ხედავს საქართველოს სამშვიდობო ნაბიჯებს, ეს სამწუხარო ფაქტია. მინდა შევატყობინო აფხაზ ხალხს, რომ საქართველოსგან მათ საფრთხე არასდროს დაემუქრება. საქართველოს მთავრობის პოლიტიკის მკაფიო მიზანია, გამოვრიცხოთ ყოველგვარი დაძაბულობა აფხაზ და ქართველ ხალხებს შორის და აფხაზ ხალხს შევუქმნათ გარანტირებული უსაფრთხოების განწყობა. საქართველოს ხელისუფლება საკუთარ პოლიტიკაში ყოველთვის გაითვალისწინებს აფხაზი საზოგადოების ინტერესებს", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

იგი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება ეცდება, აღმოფხვრას ქართველ და აფხაზ ხალხებს შორის არსებული გაუცხოება.

"სამწუხაროდ, ჩვენს შორის გაუცხოებამ გრძელვადიანი ხასიათი მიიღო, მაგრამ საქართველოს ახალი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს გაუცხოება წარსულს ჩაბარდეს და აფხაზი ხალხი ქართველ ხალხში სანდო საზოგადოებას, საქართველოში კი სანდო სახელმწიფოს ხედავდეს. იმედს გამოვთქვამ, რომ აფხაზური საზოგადოება დააფიქსირებს და დაინახავს სიახლეებს და არ ჩამორჩება ახალი დროის გამოწვევებსა და რეალობას. დასანანი იქნება, თუ აღმოჩნდება, რომ ქართული საზოგადოება და სახელმწიფო ახალ რეალობაში იქნება და პროგრესის და განვითარების უფრო მეტ შანსს შესთავაზებს აფხაზურ საზოგადოებას, ხოლო აფხაზური საზოგადოების ნაწილი ისევ მეოცე საუკუნისთვის დამახასიათებელ კლიშეებსა და სტერეოტიპებში ჩარჩება", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ალექსანდრ ანქვაბმა გაერო-ს განვითარების პროგრამების (UNDP) მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში, ჯეიმი მაქგოლდრიკთან სოხუმში 5 ივნისს გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ საქართველო ამჟამად არის სახელმწიფო, რომლისგანაც აფხაზებისთვის საფრთხე მომდინარეობს.