"ღვინის, ბორჯომისა და კულტურული ურთიერთობების საკითხი ერთ გოჯა მიწასაც კი ვერ შეგვიცვლის"

"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ’"ღვინის, ბორჯომისა და კულტურული ურთიერთობების საკითხი ერთ გოჯა მიწასაც კი ვერ შეგვიცვლის".

ამის შესახებ ბურჯანაძემ "მეცხრე არხის" პირდაპირ ეთერში სტუმრობისას განაცხადა.

"საერთოდ, რა თქმა უნდა, პოზიტიურია, რომ საუბარი მიმდინარეობს თუნდაც ამ ფორმატით. სხვა ფორმატი, სამწუხაროდ, შეზღუდულია, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ახალმა და ყველა მომავალმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ რუსეთთან ფართომასშტაბიანი დიალოგი დაიწყოს, იმიტომ რომ თუ არ იქნა შემუშავებული ის პოლკიტიკა, რომელიც რუსულ-ქართული ურთიერთობის განვითარებას უზრუნველყოფს, ნებისმიერი კონკრეტული საკითხი, რომელიც მოგვარებულად შეიძლება, ჩავთვალოთ, ხვალ შეიძლება, კვლავ პრობლემატური აღმოჩნდეს. მე ძალიან კარგად ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია რუსული ბაზარი, განსაკუთრებით გლეხებისთვის, რადგან მართლა ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც მათ მოსავალი უფუჭდებათ. ძალიან მნიშვნელოვანია ეს საკითხი მოგვარდეს, მაგრამ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თემა - თუ არ გვექნა გარანტიები, რომ რუსეთთან ურთიერთობები სტაბილურად განვითარდება და კვლავ არ იქნება ჩავარდნები, დღეს მოგვარებული პრობლემა, ხვალ შეიძლება, ისევ მოუგვარებელი აღმოჩნდეს", - განაცხადა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, "შიდა ქართლში ვითარება ძალიან მძიმეა".

"ჩვენთვის ყველასთვის ძალიან მძიმეა იმ კადრების ხილვა, როდესაც ჩვენსავე ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის ჯარისკაცები ჩვენს მოსახლეობას დამატებით წინაღობებს უქმნიან და მავთულხლართებს ავლებენ. ეს აბსოლუტურად მიუღებელია, აუტანელი სიტუაციაა და გამიჭირდებოდა იმის წარმოდგენა, რომ ახალი ხელისუფლების მოსვლიდან რვა თვის შემდეგ ეს პრობლემა დადგებოდა. ეს არის ხარვეზი, რბილად რომ ვთქვათ, შედეგი იმ პოლიტიკისა, რომელსაც ჩვენ ყველანი ახლა ვაწარმოებთ, რადგან ნამდვილად არ უნდა დაგვეშვა, რომ ხელისუფლების რეალური შეცვლიდან რვა თვის შემდეგ, რუსეთს ამ ტიპის მოქმედებების განხორციელების შესაძლებლობა ჰქონოდა. მე ძალიან დადებითად ვაფასებ იმას, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი არ აკეთებს მწვავე და მკვეთრ განცხადებებს რუსეთთან მიმართებაში. ჩვენ არაფერი კარგი არ მოგვიტანა იმ მყვირალა განცხადებებმა და გულზე მჯიღის ცემამ, რომელსაც წინა ხელისუფლება აკეთებდა. პოზიტიური განცხადებების კეთება შეიძლება, კარგია ხელისუფლებაში მოსვლიდან ერთი-ორი თვის მანძილზე, მაგრამ რვა თვის განმავლობაში ჩვენ უნდა მოგვეხერხებინა ის, რომ მხოლოდ აბაშიძე-კარასინის ფორმატით არ ყოფილიყო რუსეთთან მოლაპარაკებები. მე ვთვლი, რომ ყველაფერი უნდა გაკეთებულიყო იმისათვის, რომ უმაღლესი დონის შეხვედრის მომზადება მაინც დაწყებულიყო და მე დარწმუნებული ვარ, ასეთი ტიპის შეხვედრის მომზადება რომ ყოფილიყო დაწყებული, რუსეთი ნამდვილად ვერ გადადგამდა იმ ნაბიჯს, რა ნაბიჯიც გადადგა. ის, რაც მოხდა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რაც არ უნდა მნიშვნელოვანი და მტკივნეული უნდა იყოს ჩვენთვის ღვინის, ბორჯომისა და კულტურული ურთიერთობების საკითხი, ეს ყველაფერი ერთ გოჯა მიწასაც კი ვერ შეგვიცვლის, ამიტომ უმნიშვნელოვანესია სწორედ პოლიტიკური დიალოგი, იმ წითელ ხაზებზეც საუბარი, რომლებიც ჩვენთვის ასეთი მტკივნეულია. ამ საკითხებთან დაკავშირებით გარკვეული გარღვევის მომზადება მოგვცემს იმის საშუალებას, რომ თავიდან ავირიდოთ იმ ტიპის მოვლენები, რომლებიც დიცში განვითარდა", - განაცხადა ბურჯანაძემ.