"ოკუპაციის კანონის" გაუქმებას პირველი მივცემ ხმას მაშინ, როდესაც ოკუპაცია დასრულდება"

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე "ოკუპაციის კანონის" გაუქმებას პირველი მისცემს ხმას, როცა რუსული ოკუპაცია დასრულდება.

ასე გამოეხმაურა ბაქრაძე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელის გრიგორი კარასანის განცხადებას, რომლის თანახმად, რუსეთი "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონის გაუქმებას ითხოვს.

"ოკუპაციის კანონის" გაუქმებას პირველი მივცემ ხმას მაშინ, როდესაც ოკუპაცია დასრულდება და როცა საქართველო გაერთიანდება. მანამდე ჩვენ კარასინის საკარნახო და გადასაწყვეტი ნამდვილად არაფერი გვჭირს. თუ რუსეთს "ოკუპაციის კანონის" გაუქმება უნდა, კეთილი ინებოს, საერთაშორისო ვალდებულებები შეასრულოს, გაიყვანოს საოკუპაციო ჯარი, გადაწიოს უკას ეს მავთულხლართები და მოხსნას საერთოდ ეს საოკუპაციო ზოლი და ამ შემთხვევაში ჩვენ, არა მხოლოდ "ოკუპაციის კანონს" გავაუქმებთ, არამედ სხვა ბევრ ნაბიჯსაც გადავდგამთ რუსეთის მიმართულებით", - განაცხადა ბაქრაძემ.