"საქართველომ ექსტრემისტული ისლამის მიმართ შესაბამისი პოლიტიკა უნდა შექმნას"

ექსპერტის კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძის განცხადებით, საქართველომ ექსტრემისტული ისლამის მიმართ შესაბამისი პოლიტიკა უნდა შექმნას. 

ამის შესახებ არეშიძემ "პირWელს" Youtube-ზე, თალიბების სახელით გავრცელებული ვიდეორგოლის "ჯიჰადი ავღანეთში ქართული ჯარების წინააღმდეგ" კომენტირებისას განუცხადა.

"ყველაფერი შეიძლება, იყოს. მოჯაჰედების ცენტრალური შტაბის მიერ გავრცელებული, იმიტომ რომ, ასეთი ვიდეორგოლები ბევრი ქვეყნის წინააღმდეგ მზადდებოდა. მე ჩემი თვალით მაქვს ნანახი ესპანელების წინააღმდეგ დამზადებული ასეთი ვიდეორგოლები. ამ შემთხვევაში ეჭვს იწვევს რგოლის გავრცელების დრო, რამდენად ყველასათვის ცნობილია, რომ 2014 წელს საქართველოს სამხედრო კონტინგენტი ავღანეთიდან გამოდის. შეიძლება, ეს აქ განლაგებული რომელიმე ისლამისტური ორგანიზაციის მიერ გაკეთებული იყოს. თუმცა ჩემთვის არ არის მთავარი, ვიდეორგოლი ვინ დაამზადა. ჩემთვის და ქართული საზოგადოებისთვისაც, ალბათ, მთავარი არის, ხიფათი არსებობს თუ ისლამისტური ორგანიზაციების მხრიდან. ასეთი საფრთხე არსებობს. არა იმიტომ, რომ ქართული კონტინგენტი ISAF-ის მისიაში მსახურობს, არამედ იმიტომაც, რომ ისლამისტური ორგანიზაციები საქართველოში ნელ-ნელა ფეხს იკიდებენ და ძლიერდებიან", - განაცხადა არეშიძემ.

მისივე თქმით, ძალოვანმა უწყებებმა უსაფრთხოების ზომები უნდა გაამკაცრონ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის.

"მე ვთვლი, რომ სახელმწიფომ უნდა შექმნას შესაბამისი პოლიტიკა ექსტრემისტული ისლამის მიმართ. ამ პოლიტიკის შემუშავების პროფესიონალები საქართველოში გვყავს, მაგრამ სამწუხაროდ, ჯერჯერობით მათთვის არავის მიუმართავს", - აღნიშნა მამუკა არეშიძემ.