"კარასინის განცხადება თვალის ამხელი უნდა ყოფილიყო ყველა იმ პოლიტიკოსისთვის, რომელიც რუსეთის ქმედებებით გაოცებულია"

საქართველოს რეფორმების ასოციაციის ხელმძღვანელის სერგი კაპანაძის შეფასებით, "კარასინის განცხადება თვალის ამხელი უნდა ყოფილიყო ყველა იმ პოლიტიკოსისთვის, რომელიც საქართველოს მიმართ რუსეთის ქმედებებით გაოცებულია". 

ამის შესახებ კაპანაძემ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის გრიგორი კარასინის მიერ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონის გაუქმების მოთხოვნის დაყენების ფაქტის კომენტირებისას განაცხადა.

"არაფერი ახალი ამ განცხადებაში არაა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ კარგად გააანალიზოს, თუ რა არის მისი ინტერესები და ყველა შესაძლო გზით, ყველა შესაძლო ფორუმზე ჩვენი ინტერესები დავიცვათ. დავაფიქსიროთ რა არის ჩვენი წითელი ხაზები და ამ წითელი ხაზების დაცვით ვესაუბროთ რუსეთს ჩვენთვის მართლა მნიშვნელოვან თემებზე და არა ისე, რომ ჩვენ ახლა ღვინოსა და ბორჯომზე სასაუბროდ მივდივართ და არ შევეხებით ისეთ თემას, როგორიც ადმინისტრაციული საზღვრის გადმოწევაა. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი, თორემ რაც უფრო დრო გავა, მით უფრო უარეს მდგომარეობაში ჩავარდება ჩვენი საგარეო პოლიტიკა და პირველ რიგში, არაღიარების პოლიტიკა. კარასინის ეს განცხადება თვალის ამხელი უნდა ყოფილიყო ყველა იმ პოლიტიკოსისთვის, რომლებიც ამბობენ, რომ ისინი გაოცებულები არიან რუსეთის ქმედებებით ჩვენს მიმართ", - განაცხადა კაპანაძემ.