თამაზ ელიზბარაშვილი გადახდილი გირაოს თანხის ნაწილის დაუბრუნებლობის შემთხვევაში, ციხეში დაბრუნებას მოითხოვს

თამაზ ელიზბარაშვილი გადახდილი გირაოს თანხის ნაწილის დაუბრუნებლობის შემთხვევაში, ციხეში დაბრუნებას მოითხოვს

ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი მის მიერ გადახდილი გირაოს თანხის 6 მილიონი ლარის ნაწილის დაუბრუნებლობის შემთხვევაში, ციხეში დაბრუნებას მოითხოვს. 

ამის შესახებ ელიზბარაშვილმა დღეს ფორ.გე-ს პრესკლუბში ადვოკატ ლალი აფციაურთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ელიზბარაშვილი 6 მილიონი ლარიდან გარკვეული თანხის დაბრუნების შემთხვევაში, ბიზნეს-პროექტების განხორციელებას გეგმავს.

"ჩემმა ადვოკატმა ლალი აფციაურმა 15 დღის წინ თბილისის პროკურორს მაია მწარიაშვილს გირაოს თანხის შემცირების მოთხოვნით მიმართა, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია. მე მივმართავ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც იცის რამდენად საჭიროა სამუშაო ადგილების შექმნა, რაც მე ნამდვილად შემიძლია. 6 მილიონი ლარიდან გამოთავისუფლებული თანხით უამრავ ადამიანს დავეხმარები. იმ შემთხვევაში თუ თანხის ნაწილს არ დამიბრუნებენ, 14 ივნისს ჩემს საქმეზე დაგეგმილ სასამართლო პროცესზე, მე გლდანის მე-8 საპყრობილეში დაბრუნებას მოვითხოვ. ჩემი ციხეში ჩასმის შემდეგ კი თანხა მაინც დამიბრუნდება და ციხიდან გავაკეთებ იმ საქმეს, რაც დაგეგმილი მაქვს", - განაცხადა ელიზბარაშვილმა.

როგორც პრესკონფერენციაზე ელიზბარაშვილის ადვოკატმა ლალი აფციაურმა განმარტა, "იქიდან გამომდინარე, რომ ელიზბარაშვილი მასზე დაკისრებულ მოვალეობებს კეთილსინდისიერად ასრულებს და საგამოძიებო ორგანოებს არ ემალება, დაცვის მხარეს უფლება აქვს 3 წლის წინ, 2010 წელს გადახდილი გირაოს თანხის ნაწილის დაბრუნება მოითხოვოს".

"მით უმეტეს, ეს თანხა აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზეა გაყინული. მე შესაბამისი განცხადება შევიტანე პროკურატურაში და თბილისის პროკურორს მაია მწარიაშვილს დავუკავშირდი, რათა გამეგო პასუხი, დააკმაყოფილეს თუ არა ჩვენი მოთხოვნა, თუმცა მწარიაშვილმა იმ თანხების წარმომავლობაზე დამისვა კითხვები, რომელთა შეგროვებითაც ელიზბარაშვილმა 6 მილიონიანი გირაოს გადახდა შეძლო. ამასთან, მითხრა, რომ პასუხის გასაცემად პროკურატურისთვის გამოყოფილი ერთთვიანი ვადა ჯერ არ გასულა. მისი საუბრიდან საფუძვლიანი ეჭვი გაგვიჩნდა, რომ პროკურატურა აღნიშნული თანხის უკან დაბრუნებას არ აპირებს", - განაცხადა აფციაურმა.

შეგახსენებთ, რომ თამაზ ელიზბარაშვილი სამართალდამცველებმა ექსპერტიზის დასკვნის გაყალბების ბრალდებით 2010 წელს დააკავეს.