მიხეილ სააკაშვილი მეოთხე კვარტლის დაფინანსებასაც ითხოვს

მიხეილ სააკაშვილი მეოთხე კვარტლის დაფინანსებასაც ითხოვს

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბიუჯეტიდან მეოთხე კვარტლის დაფინანსების მეორე კვარტალში გადმოტანა ითხოვა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა 

"პალიტრა ტვ"-ს გადაცემა "ემას შოუს" განუცხადა. მინისტრის განმარტებით, მეოთხე კვარტალში მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტი აღარ იქნება და სამინისტრომ მისი თხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი განაცხადა.

"საქართველოს პრეზიდენტის დაფინანსება მთელი წლის განმავლობაში ხდება. პრეზიდენტმა გვთხოვა, მეოთხე კვარტლიდან მოვაკლოთ დაფინანსება და გადმოვიტანოთ მეორე კვარტალში. მეოთხე კვარტალში, ცხადია, სხვა იქნება პრეზიდენტი. ამიტომ ჩვენ ასეთ გადაწყვეტილებაზე უარი განვაცხადეთ", -აღნიშნა ნოდარ ხადურმა.

ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, პრეზიდენტის აღნიშნული თხოვნა ფინანსთა სამინისტროში ოფიციალურად, წერილობითი სახით შევიდა.

ხადურის განმარტებით, პრეზიდენტისთვის 10 მილიონი ლარი, მისი ფუნქციებიდან გამომდინარე, სრულიად საკმარისია. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის ბიუჯეტი 50 მილიონი ლარია. შარშან კი, პრეზიდენტისა და მთავრობის ფონდი ერთად 120 მილიონ ლარს შეადგენდა.

ნოდარ ხადური ასევე გამოეხმაურა პრეზიდენტის განცხადებას სტუდენტების საკუთარი ფონდიდან დაფინანსების თაობაზე. მინისტრის ინფორმაციით, წელს არც ერთი სტუდენტი პრეზიდენტის ფონდიდან არ დაფინანსებულა.

"პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თურმე საკუთარი ფონდიდან აფინანსებს სტუდენტების სწავლას საზღვარგარეთ. მე სპეციალურად შევისწავლე ეს თემა და არც ერთი სტუდენტი წელს დაფინანსებული არ არის საქართველოს პრეზიდენტის ფონდით", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

გადაცემა "ემას შოუ", რომლის სტუმარიც ნოდარ ხადური იქნება, ეთერში გავა შაბათს, 19:30 საათზე, "პალიტრა ტვ"-ს ეთერში.