ხელისუფლება ტყით სარგებლობაზე კონტროლის გამკაცრებას გეგმავს

ხელისუფლება ტყით სარგებლობაზე კონტროლის გამკაცრებას გეგმავს

გარემოს დაცვის სამინისტრო სატყეო პოლიტიკაში ცვლილებებს გეგმავს. სამინისტროში ეროვნული სატყეო სააგენტო და სატყეო პოლიტიკის სამსახური შეიქმნა. სააგენტოს ბიძინა გიორგობიანი უხელმძღვანელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, სააგენტო პასუხისმგებელი იქნება ტყის ფონდის ტერიტორიაზე ბიოლოგიური მრავალფეროვნების კომპონენტების მდგრად გამოყენებაზე და ტყით სარგებლობის რეგულირებას და კონტროლს განახორციელებს.

,,პირველი ეტაპისთვის, ტყეების ფიზიკური დაცვის გაუმჯობესების მიზნით გაიზარდა ტყის მცველთა რაოდენობა.

დაგეგმილია ის ძირითადი სატყეო ღონისძიებები, რომლებიც წარმოადგენენ ტყეების მდგრადი მართვის აუცილებელ პირობას (მაგ. ტყის ინვენტარიზაცია, მოვლის ღონისძიებები და ა.შ),“ – აცხადებენ გარემოს დაცვის სამინისტროში.

სამინისტროს ცენტრალურ აპარატში ჩამოყალიბებული სატყეო პოლიტიკის სამსახურის მეშვეობით კი სახელმწიფო ფუნქციების ტყის ფიზიკური მართვისაგან გამიჯვნა მოხდება, რაც სამინისტროს შეფასებით, ამ სფეროში განვითარებული ქვეყნების საუკეთესო გამოცდილებაა.

უფრო დეტალურად სატყეო პოლიტიკაში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ სააგენტოს ხელმძღვანელთან ბიძინა გიორგობიანთან ვრცელი ინტერვიუდან შეიტყობთ, რომელიც commersant.ge–ზე გამოქვეყნდება.