დავით ზალკალიანი გიუნტერ ბეხლერს შეხვდა

დავით ზალკალიანი გიუნტერ ბეხლერს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში გიუნტერ ბეხლერს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობა და აღინიშნა, რომ მომდევნო, 24-ე რაუნდი 25-26 ივნისს გაიმართება. 

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას, მათ შორის თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებულ მკაცრ შეზღუდვებს და ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მიმდინარე პროცესებს.

შეხვედრაზე ელჩმა, გიუნტერ ბეხლერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შვეიცარია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ქართულ მხარესთან თანამშრომლობას 2014 წელს ეუთოს შვეიცარიის თავმჯდომარეობის პერიოდში.