ნინო ბურჯანაძე:  ამ რეალობით ნატო-ში ვერ შევალთ

ნინო ბურჯანაძე: ამ რეალობით ნატო-ში ვერ შევალთ

იმ რეალობით, რა რეალობაც არის დღეს, ნატო-ში ვერ შევალთ - ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ დღეს სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა. 

ნინო ბურჯანაძემ საჯარო შეხვედრა "კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის" სამართლის, ბიზნესის, სოციალურ მეცნიერებათა და მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან გამართა. ბურჯანაძემ მათთან რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე, ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივაზე, კონფლიქტებზე ისაუბრა.

"არ გვინდა იმის ძახილი, რომ ექვს თვეში შევალთ ნატო-ში და აუცილებლად შევალთ. ვერ შევალთ სამწუხაროდ, მეც ძალიან მინდოდა ნატო-სა და ევროკავშირში რომ შევსულიყავით, მაგრამ ვერ შევალთ იმ რეალობით რა რეალობაც არის დღეს. კი ბატონო შევიდეთ, მაგრამ რა გვაყვირებს, იმდენი ვიყვირეთ, რომ გამოაცხადა მედვედევმა შეხვალთ და ამას მოყვება შესაბამისი რეაქცია", - განაცხადა ბურჯანაძემ.

"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა აღნიშნა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთთან ურთიერთობა გაუარესებულია.

"ვერ წარმომიდგენია, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლებაში არ არსებობს ადამიანი, რომელიც მიიღებდა გადაწყვეტილებას, აეღო ტელეფონი დაერეკა რუსეთში და ეკითხა: ხალხნო, რა ხდება, ჩვენ ხომ გვინდა, რომ ახალი ურთიერთობები დავიწყოთ? რვა თვის განმავლობაში ის მაინც უნდა მოხერხებულიყო, რომ არ გაუარესებულიყო მდგომარეობა. კარგი, შევიტანეთ მილიონი ბოთლი ღვინო ამ დროს გადაგვიწიეს საზღვარი სამასი მეტრით, რომელი უფრო მნიშვნელოვანია - ღვინო თუ 300 მეტრის საზღვარი. ასე 300-300 მეტრობით, რომ დაგვეთმო ჩვენი ტერიტორიები, რაც ვართ დღეს, ისიც აღარ ვიქნებიდით", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ბურჯანაძემ დღეს უშიშორების საბჭოსთან დაკავშირებითაც ისაუბრა. მისი თქმით, არანორმალურია, რომ რვა თვის განამვლობაში უშიშროების საბჭო პირველად იმართება.

"რა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ ივანიშვილმა და სააკაშვილმა ერთობლივად, ამიტომ დღეს ეს ფორმალობაა. კოჰაბიტაცია შეუძლებელია, როდესაც ერთი მხარე მეორეს დამნაშავედ მიიჩნევს", - განაცხადა ბურჯანაძემ.

ბურჯანაძემ სააკაშვილის ის განცხადებაც გაიხსენა, როდესაც პრეზიდენტმა არჩევნების შემდეგ გამოაცხადა, რომ ის ოპოზიციაში გადადიოდა.

"ნონსენსია, რომ პრეზიდენტი იყოს ოპოზიციაში. ყველაზე დიდი შეცდომა, რაც სააკაშვილმა დაუშვა, არის ის, როცა მან თქვა, რომ ის იყო ოპოზიციაში. ის, რომ არ აყოლოდა თავის ემოციას, ეთქვა რომ წააგო ჩემმა პარტიამ, მაგრამ მე ყველა თქვენგანის პრეზიდენტი ვარ მაინცო, მთლიანად საქართველოსი და არა მხოლოდ "ნაციონალურო მოძრაობისო", აი მაშინ ვიქნებოდით შარში. იმიტომ, რომ მეტი რამის გაფუჭებას შეძლებდა. მაგრამ ასე სწორი იქნებოდა, იმიტომ რომ პრეზიდენტი არ შეიძლება იყოს ქვეყნის ოპოზიციაში", - განაცხადა ბურჯანაძემ.