პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ უშიშროების საბჭოს მომდევნო სხდომებს პრემიერიც დაესწრება

პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ უშიშროების საბჭოს მომდევნო სხდომებს პრემიერიც დაესწრება

საქართველოს პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ უშიშროების საბჭოს მომდევნო სხდომებს პრემიერ-მინისტრიც დაესწრება. როგორც მიხეილ სააკაშვილმა საბჭოს დღევანდელი სხდომის დასაწყისში განაცხადა , პრემიერ-მინისტრი უშიშროების საბჭოს მნიშვნელოვანი წევრია. 

"მივესალმები იმ ფაქტს, რომ გარკვეული პაუზის შემდეგ, რომელიც განპირობებული იყო არჩევნებით, მთავრობის შეცვლით და სხვადასხვა პოლიტიკური რეალობით, ჩვენ შევძელით უშიშროების საბჭოს ხელახლა შეკრება. ვფიქრობ, ეს ფორმატი საშუალებას გვაძლევს ხელისუფლების ყველა შტოს, ერთად დავსხდეთ და ვისაუბროთ საქართველოს წინაშე არსებულ უსაფრთხოების მთავარ გამოწვევებზე, მთავარ პრობლემებზე, რაც ჩვენს ხალხს აწუხებს", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, სხდომის დღევანდელი დღის წესრიგი განპირობებულია იმ ქმედებებით, რასაც რუსეთის ფედერაცია საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ახორციელებს.

"სხდომა ასევე უკავშირდება ჩვენი დამპყრობლის მცდელობებს, იაროს სხვადასხვა ქვეყნებში და მოიპოვოს მისი უკანონო ოკუპაციის აღიარება, ჩვენი ტერიტორიის განუყოფელი ნაწილების ე.წ დამოუკიდებლობის ცნობა. ამაზე ერთად უნდა ვიმუშაოთ. ჩვენ ასეთი შეკრებები მუდმივად უნდა გავაგრძელოთ, რადგან გვაქვს ამ თემებზე მუშაობის დიდი გამოცდილება. ეს არის საკითხები, რაც ჩვენ ყველას თანაბრად გვაღელვებს, რადგან ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამოვდივართ. უშიშროების საბჭოს მნიშვნელოვანი წევრია პრემიერ-მინისტრი და იმედს გამოვთქვამ, რომ შემდეგ შეკრებებს ისიც დაესწრება",- განაცხადა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა საოკუპაციო ზოლზე მიმდინარე ქმედებებზე ინფორმაცია შინაგან საქმეთა მინისტრისგან მოისმინა, ასევე, მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის თაობაზე.

"ვისაუბრებთ ბოლო ვიზიტების თაობაზე, რომელიც მე განვახორციელე, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, რათა შემდგომშიც შევძლოთ ამ პროცესის შეჩერება, როგორც აქამდე ხერხდებოდა. ეს არის საკითხები, რაზეც შევიკრიბეთ", - განაცხადა პრეზიდენტმა და განმარტა, რომ უშიშროების საბჭოს სხდომა დახურულია, თუმცა, მხარეებს მოსაზრებების დაფიქსირება მედიასთან სხდომის შემდეგ შეუძლიათ.