ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ

ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ "ვაშინგტონ პოსტს" ინფორმაცია აქვს მხოლოდ სააკაშვილის ლობისტებისგან

პრემიერ-მინისტრი იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც ჰგონია, რომ "ვაშინგტონ პოსტი" მიხეილ სააკაშვილის ლობისტების ინფორმაციას ეყრდნობა. 

როგორც ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, გამოცემას საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე დასაკვირვებლად ჟურნალისტი არასოდეს გამოუგზავნია, შესაბამისად მისი კრიტიკული შეფასებები საეჭვოა.

"როდესაც "ვაშინგტონ პოსტი" ამერიკის ადმინისტრაციისა და ევროკომისრის განცხადებებს ვანო მერაბიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით სუსტს უწოდებს, მიკვირს, რის საფუძველზე გამოთქვამს შეშფოთებას. მათ აქვთ შესაბამისი სტრუქტურები, საელჩოები, ჰყავთ წარმომადგენლები, საქართველოში მიმდინარე პროცესებს აკვირდებიან ეუთოს დამკვირვებლები, ასევე ნობელის პრემიის ლაურეატი თომას ჰამერბერგი. სწორედ ამის საფუძველზე გააკეთეს განცხადებები აშშ-ის ადმინისტრაციამ, ეშტონმა და ფულემ. ისმის კითხვა, რის საფუძველზე გამოხატავს უკმაყოფილებას მათ "სუსტ" განცხადებებზე "ვაშინგტონ პოსტი", როდესაც არც ერთი ჟურნალისტი არ მოუვლინებია საქართველოში, რეალობასთან დაკავშირებით არ ჩაუტარებია არანაირი კვლევა და ასეთ მკაცრ განცხადებებს აკეთებს. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ მათ ინფორმაცია აქვთ მხოლოდ სააკაშვილის ლობისტებისგან", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.