ბიძინა ივანიშვილი:   მოსამართლეებს ანაზღაურება გაეზრდებათ

ბიძინა ივანიშვილი: მოსამართლეებს ანაზღაურება გაეზრდებათ

მოსამართლეებს შრომის ანაზღაურება სერიოზულად გაეზრდებათ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განუცხადა. ბიძინა ივანიშვილის ინფორმაციით, მთავრობა 

2014 წლის ბიუჯეტს იხილავს, რომელშიც მოსამართლეთა შრომის გაზრდილი ანაზღაურება გათვალისწინებული იქნება.

როგორც პრემიერმა განმარტა, მოსამართლეები უნდა გათავისუფლდნენ სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებისგან, რათა კორუფციისკენ რაიმე ტიპის მიდრეკილება არ ჰქონდეთ.

"ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მოვახერხოთ და სასამართლო გავხადოთ მაქსიმალურად დამოუკიდებელი. 9 ივნისს დაგეგმილი მოსამართლეთა კონფერენცია ამისკენ გადადგმული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ახალი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ხელი შეუწყოს სასამართლოს მაქსიმალურ დამოუკიდებლობას. ჩვენ ვცდილობთ, სერიოზულად გავზარდოთ მოსამართლეების ანაზღაურება, რათა ისინი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებისგან გათავისუფლდნენ", - აღნიშნა პრემიერმა.

ბიძინა ივანიშვილის თქმით, სასამართლო ყოველგვარი პოლიტიკური წნეხისგანაც გათავისუფლდება.

"ჩვენ უნდა მოვახერხოთ და მივიღოთ დამოუკიდებელი სასამართლო. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.