ბიძინა ივანიშვილი:  გუშინ და გუშინწინ ისეთი არაფერი მომხდარა, რის გამოც უშიშროების საბჭოს დაუყოვნებლივ მოწვევა გახდებოდა საჭირო

ბიძინა ივანიშვილი: გუშინ და გუშინწინ ისეთი არაფერი მომხდარა, რის გამოც უშიშროების საბჭოს დაუყოვნებლივ მოწვევა გახდებოდა საჭირო

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომას არ დაესწრება. როგორც ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სხდომის ჩანიშვნის შესახებ ინფორმაცია გუშინ, 19:00 საათის შემდეგ მიაწოდეს.

პრემიერის შეფასებით, გუშინ და გუშინწინ ისეთი არაფერი მომხდარა, რის გამოც უშიშროების საბჭოს სხდომის დაუყოვნებლივ მოწვევა გახდებოდა საჭირო. სწორედ ამიტომ, პრემიერი დაგეგმილი გრაფიკის დარღვევას არ აპირებს.

"საუბედუროდ, საბჭოს სხდომას ვერ დავესწრები. მე ვერ ვხედავ სხდომის მოწვევის სასწრაფო აუცილებლობას. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, როდესაც საბჭო შვიდი თვის განმავლობაში ხელფასს ისე იღებდა, რომ არ იკრიბებოდა. სწორედ ამიტომ, არ ვთვლი აუცილებლად წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის დარღვევას",-აღნიშნა პრემიერმა.

ბიძინა ივანიშვილის განმარტებით, საოკუპაციო ზოლზე განვითარებული მოვლენები გუშინ არ დაწყებულა და საბჭო ამ პრობლემებზე რეაგირების მიზნით გაცილებით ადრე უნდა შეკრებილიყო.