რასმუსენს აქვს მოლოდინი, რომ საქართველო კანონის უზენაესობას, ადამიანის და უმცირესობის უფლებებს პატივს სცემს

რასმუსენს აქვს მოლოდინი, რომ საქართველო კანონის უზენაესობას, ადამიანის და უმცირესობის უფლებებს პატივს სცემს

ნატო-ს გენერალურ მდივანს ანდერს ფოგ რასმუსენს აქვს მოლოდინი, რომ საქართველოს მთავრობა კანონის უზენაესობას, ადამიანის და უმცირესობის უფლებებს პატივს სცემს.

ამის შესახებ რასმუსენმა ბრიუსელში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"მოხარული ვართ, ვუმასპინძლოთ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას. საქართველო ნატო-ს პრივილეგირებული პარტნიორია. ქვეყანა, რომელსაც სურს გახდეს ალიანსის წევრი. ავღანეთში ISAF-ის მისიაში საქართველოს მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ქვეყანა ნატო-ს არაწევრ ქვეყნებს შორის ნომერ პირველი კონტრიბუტორია. ჩვენ ვაფასებთ საქართველოს მონაწილეობას სამშვიდობო ოპერაციებში, როგორც ადრე, ისე ახლა. ასევე ვწუხვართ იმ მსხვერპლის გამო, რომლის გაწევაც ქართველ სამხედროებს მოუწიათ. ნატო თანამშრომლობს საქართველოსთან რეფორმების განხორციელებაში. ჩვენ დიდი ინტერესებით ვაკვირდებით საქართველოს შიგნით მიმდინარე პროცესებს. გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოს მთავრობა კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს და უმცირესობის უფლებებს პატივს სცემს. მოვუწოდებთ საქართველოს, უზრუნველყოს საპრეზიდენტო არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება. ვადასტურებთ ჩვენს მხადრაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი", - განაცხადა რასმუსენმა.

მისივე თქმით, სტაბილური და დემოკრატიული საქართველოს ადგილი ევროატლანტიკურ სივრცეშია.

"მე ველი იმ მომავალს, სადაც საქართველო ალიანსის წევრი იქნება. ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებები ძალაშია. საქართველო გახდება ნატო-ს წევრი იმის გათვალისწინებით, რომ მან უნდა დააკმაყოფილოს წევრობის პირობები", - აღნიშნა რასმუსენმა.