უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება

უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭომ სხდომის მოწვევის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა. დოკუმენტის თანახმად, უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა პრეზიდენტმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით მოიწვია. 

საბჭოს ინფორმაციით, სხდომა დღეს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება და მასზე შიდა ქართლში ოკუპაციის ხაზის გადმოწევასა და ოკუპირებულ და მიმდებარე ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელებენ.

განიხილება ასევე ოკუპირებული ტერიტორიების არააღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები.

ეროვნული უშიშროების საბჭოს საქართველოს პრეზიდენტი ხელმძღვანელობს, ხოლო მის საქმიანობას საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი წარმართავს. საბჭოს მუდმივმოქმედი წევრები არიან - პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა, თავდაცვის, შინაგან საქმეთა და ფინანსთა მინისტრები და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი. საბჭოს მუშაობაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეც მონაწილეობს.

დაესწრება თუ არა საქართველოს პრემიერ-მინისტრი უშიშროების საბჭოს სხდომას, ამ დროისთვის უცნობია.

ამ ეტაპზე ასევე უცნობია, რა შემადგენლობით შეიკრიბება საბჭო. დადგენილი წესის მიხედვით, სხდომას აღმასრულებელი ხელისუფლებიდან ოთხი მინისტრი უნდა დაესწროს. აღსანიშნავია, რომ თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები ქვეყანაში არ იმყოფებიან. სხდომა პრეზიდენტის სასახლეში 16:00 საათისთვის არის ჩანიშნული.